შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ცირამუას, ფილაურისა და კიდევ შვიდი ადამიანის წინააღმდეგ ქუთაისში, მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 26 იანვარს გამართული აქციის გამო დაიწყო. პოლიციამ მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 15 დღემდე ვადით დაპატიმრება ემუქრებათ.
„მათ არ დაურღვევიათ რეალურად არანაირი ადმინისტრაციული სამართალწესრიგი, რის გამოც შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ... თქმა იმისა, რომ ამ ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და დაზარალებულად ყოფნა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს...
ჩვენ აქციაზე ვდგავართ, რადგან მათ დაიცვეს პროფესიული ეთიკა და დაიცვეს პოზიცია, რომ ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება და თავისი სინდისის, მოქალაქის სინდისის წინაშე არიან მართალი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციაზე მყოფმა ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა.
სხვადასხვა სფეროს აქტიური წარმომადგენლები მაია ცირამუა, ნინო ქათამაძე, გელა მთივლიშვილი, ვლადიმერ აფხაზავა, ხვიჩა ვაშაყმაძე, ირინა ზარანდია, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი და გივი ცინცაძე ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მივიდნენ - მოსამართლემ არ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი. პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, იმართება მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის სასამართლო პროცესი.
ონლაინგამოცმების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. მას, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს - 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ფორუმი