Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები გლდანის ციხეში პატიმრების ვადაგასული საჭმლით გამოკვებაზე საუბრობენ

ლაშა ტყეშელაძე (მარცხნივ) და დიმიტრი ვარდიაშვილი
ლაშა ტყეშელაძე (მარცხნივ) და დიმიტრი ვარდიაშვილი

ადვოკატები ლაშა ტყეშელაძე და დიმიტრი ვარდიაშვილი აცხადებენ, რომ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისთვის ვადაგასული საკვები მიაქვთ. ისინი სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

„გლდანის დაწესებულებაში პატიმრები ითხოვენ შველას, რადგან მათი საკვები არ შეესაბამება ნორმებს - მათი საჭმელი არ არის ვარგისი და სახალხო დამცველი დუმს... გლდანის ციხეში რატომ არ აინტერესებს რა ხდება, პატიმრები ყოველდღიურად ითხოვენ დახმარებას... იქ პატიმრების ნაწილს უწევთ ვადაგასული საჭმლის ჭამა“, - თქვა ლაშა ტყეშელაძემ.

ადვოკატები სახალხო დამცველთან შეხვედრასაც ითხოვდნენ.

„გვინდა პატიმრების გასაჭირი მივიტანოთ მის ყურამდე. უხერხულია, როდესაც სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენი, უფლებადამცველების კოლეგაა, არ გვხვდება და გვემალება“, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.

განახლება: სახალხო დამცველის აპარატმა ადვოკატების მიერ დილით გავრცელებულ ინფორმაცია საღამოს უპასუხა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ „ხარისხიანი კვების უზრუნველყოფის კუთხით გაცემულია არაერთი რეკომენდაცია, როგორც მენიუს გადახედვის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საკვების ხარისხის რეგულარულად, დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემოწმების შესახებ“.

პენიტენციური სამსახური ინფორმირებულია ადვოკატების მიერ დასახელებული პრობლემის შესახებ, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

საქართველოს კანონმდებლობით, საპატიმროებში პატიმრების კვების ვალდებულება პენიტენციურ სამსახურს აქვს, თუმცა არსებობს მაღაზიები, სადაც ბრალდებულსა და მსჯავრდადებულს სასურველი ნივთისა თუ პროდუქტის შეძენა შეუძლია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG