ავტორი: მიშო სორდია
ქალაქს სკლეროზი აქვს, მძიმე, მუქი, აქტიური. მან საკუთარი მოქალაქეების სახეები დაქუცმაცებულ ფოთლებთან ერთად ჯიბეში უსირცხვილოდ გამოკეტა. არავინ დარდობს უხერხემლო ქართველების ბედზე, რადგან ისე ღრმად აქვთ თავები ჩაფუთნული მუხლებში, რომ გასწორებას ვეღარ ახერხებენ. წელის ტკივილით იტანჯებიან, გაბერვიათ მუცლები და ხოხვის გარდა არაფერი დარჩენიათ.
ამ უსაზღვრო სიბრმავეში და ხოხვაში გაიხსნა უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქმე ნომერი 113. მომჩივარი- აუსრულებელ ოცნებათა ბიურო. ბრალდებული- დამნაშავე, მზეკაცი ხისშვილი.
მორიგი საშიში დამნაშავის მხილებას და დასჯას სათავეში ჩაუდგა უფალი მოსამართლე მკუხე კვერეხია.
მოსამართლის სიტყვა გაისმა: "სანამ უფალი მოსამართლე ან უფალი პროკურორი არ გკითხავთ რამეს, ხმა ჩაიგდეთ, გთხოვთ."
სასამართლო პროცესს დაესწრნენ: 460 გრამზე მეტი წონის ბაღლინჯოები, მხოლოდ ის ფრინველები, ვინც ვერ მოასწრო შარშან მიგრაცია, შორეული მოძულე ნათესავები, შემთხვევითი გამვლელები და რუსეთის მოქალაქეები.
დარბაზში, სადაც ჰაერი დაგუბებული იყო ძველი ოცნებებისა და ცუდი წინათგრძნობების სუნით, უფალ მოსამართლეს მიმართეს:
"ქალბატონო მკუხე, დარბაზში ვიღაცამ გააპრუწუნა."
მკუხე კვერეხია, რომლის სახე უძველეს კვერცხს ჰგავდა, მუშტი დაარტყა მაგიდაზე. "ვინ გაბედა ღირსების შელახვა? ეს მზეკაცის ბრალია! ის ცდილობს ჩვენი ჭეშმარიტი განზრახვების გამჟღავნებას! პროკურო, დასვით კითხვა!"
პროკურორი ბუმბერაზი შაშვი ხელს იქნევს: "მზეკაცო, აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი უტაქტო ნათებით ხელს უშლით ქართველებს, მუხლებში ჩარგული თავებით ცხოვრებაში? აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი სითბო ქმნის ვერტიკალურ საფრთხეს?"
მზეკაცი დუმდა. მხოლოდ სხივი, ოქროსფერი ნემსივით, დაეცა შორეული ნათესავის წელზე. ნათესავმა პირველად მრავალი წლის განმავლობაში, იგრძნო ოდნავი სითბო და გასწორების სურვილი.
შორეული ნათესავი: "მთელი ჩემი ცხოვრება მეგონა, რომ ბედნიერება იყო ხოხვა! მაგრამ ახლა... ახლა ვგრძნობ, რომ ხოხვა მხოლოდ ბედნიერების პროექცია იყო. მინდა გავიქცე!"
პროკურორი შაშვი: (ხელით ანიშნებს 460 გრამიან ბაღლინჯოზე) "ნახეთ! ეს არის მზის მიერ გამოწვეული გრაფიტი!
მზეკაცი არღვევს დუმილს. მისი ხმა ისეთივე ძველი, თბილი და ოქროსფერია, როგორც დედამიწის შექმნის დღე.
მზეკაცი: "მე არ ვანათებ, რათა მათ წელში გასწორდნენ. მე ვანათებ, რათა მათ დაინახონ, რომ მათ ჯიბეში ჩაკეტილი სახეები ოქროსფერია. და რომ ფერფლი, რომელმაც მათი სახლები შეჭამა, უბრალოდ ჩრდილის ნაწილია."
მოსამართლე მკუხე კვერეხია: (ყვირის) "ეს არის თვითრეკლამა! მე მოგისჯით თქვენ სამუდამო სუსხს!"
მოსამართლემ ჯოხი დაარტყა. სასამართლოს სახურავიდან თოვლის ნაცვლად ზამთრის ძველი, დავიწყებული ქურთუკები ჩამოცვივდა. ისინი მთელ დარბაზს ფარავს, მზეკაცსაც კი. ქურთუკები იწონიდა იმდენს, რამდენიც ერთი თვის დაგროვილი უპასუხისმგებლობა.
მოსამართლე მკუხე კვერეხია: (ცემინებით) "სამუდამო სუსხი! სინათლის წვეთიც კი აღარ შემოაღწევს!"
ქურთუკის საყელოდან გადმოვარდა დამხრჩვალი ცრემლი.
პროკურორი ბუმბერაზი შაშვი: "ქალბატონო მოსამართლევ! ერთ-ერთ ქურთუკში ცრემლი აღმოვაჩინე! მზეკაცის თბილი ტერორიზმია! შეუფარდეთ ამ ცრემლს უვადო პატიმრობა!"
შორეულ ნათესავს თავზე დაცემული ქურთუკი ძველი ცისფერი სპორტული ფორმა აღმოჩნდა. მან მოიშორა ქურთუკი და სიცილისგან ატირდა.
შორეული ნათესავი: "ეს ქურთუკი... 30 წლის წინ დავკარგე! მასში დევს ჩემი ახალგაზრდობის სისულელე!"
ამ დროს, 460 გრამიანი ბაღლინჯო, რომელიც მოსამართლის ფეხთან იდგა, გასწორდა და ხმამაღლა დაიყვირა: "მკუხე კვერეხია არ არის დამნაშავე! ის უბრალოდ სკლეროზის მსხვერპლია!"
დარბაზში მყოფმა — ბაღლინჯოებმა, ფრინველებმა და უხერხემლოებმა — იწყეს კოლექტიური ცემინება. ცემინების ტალღამ მზეკაცს თავზე დაფარული ქურთუკი მოაცილა. მზეკაცი ანათებს! მისი ოქროსფერი სხივი ეცემა პროკურორ ბუმბერაზი შაშვის წვერზე.
პროკურორი ბუმბერაზი შაშვი: (წვერზე შეხებით, გაოგნებული)
"მე მეგონა, ეს ლოგიკა იყო!" (და გადმოაფურთხა მზესუმზირის თესლი და ერთადერთი, მშრალი საარჩევნო ბიულეტენი.)
ჭერიდა წვეთავდა დამჟავებული მანდარინის წვენი, ცვიოდა დავიწყებული რესპუბლიკური გერბის ნამსხვრევები და მოქონდა ბრტყელი, გაზეთიდან ამოჭრილი ილუზიები.
მანდარინის წვენი, გერბის ნამსხვრევები და გაზეთების ნაგლეჯები ერეოდა მზეკაცის ოქროსფერ სხივებს, ქმნიდა მომჟავო, ნარინჯისფერ, პოლიტიკურად არასტაბილურ ნისლს.
თუმცა, როცა მზეკაცი მთელი ძალით წამიერად განათდა, უხერხემლო ქართველებმა თავები ოდნავ ასწიეს მუხლებიდან – მხოლოდ იმდენად, რომ დაენახათ, როგორ გამოიყურებოდა მათგან განსხვავებული ადამიანის ოცნებები. მათ არ გაუსწორებიათ წელი. მათ მხოლოდ ერთი გემრიელი, მოკლე ამოსუნთქვა გააკეთეს მანდარინით, გაზეთებითა და ცვლილების უსუსური დაპირებით გაჟღენთილ ჰაერში.
ქალაქის სკლეროზი არ განკურნებულა. მან მხოლოდ ერთი პატარა, მზით განათებული სუსტი ადგილი იპოვა.
დარბაზში დარჩა ამჟავებული მანდარინის, მზესუმზირის თესლისა და იმედის ათი წუთის სუნი. მზეკაცმა კი იცოდა, რომ ხვალ, იგივე პროცესი, იგივე სიბნელე და იგივე ხოხვა ელოდა. მაგრამ ახლა მან იცოდა: ერთი ამოსუნთქვა, საარჩევნო ბიულეტენითა და გაფუჭებული მანდარინით გაჯერებული, მაინც შედგა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ფორუმი