14:50 - მოსამართლემ მოუწოდა დამსწრეებს ხმა გამოურთონ ტელეფონებს და ხელში არ დაიკავონ. ჟურნალისტები გამონაკლისია.
14:55 - პროკურორი ლაშა ცქვიტარია ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლოზე ვიდეომტკიცებულებებს წარადგენს, რომელსაც მხარეები გამოიკვლევენ. მისი თქმით, ახლა ზოგადად ვითარების ამსახველ ჩანაწერებს გამოიკვლევენ, მომდევნო სხდომაზე კი ინდივიდუალურად ყველა ბრალდებულის.
14:58 - პირველი ვიდეო, რომელსაც გამოიკვლევენ,ტელეკომპანია „პირველის“ ეთერიდანაა. ეს ვიდეო პროკურატურის მტკიცებულებაა.
ამ ვიდეოზე თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლაა ასახული.
ამ გამოსვლისას პაატა ბურჭულაძემ თქვა:
„ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ, რომ ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისფულებამ დაკარგა ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ხალხის ნებას.
საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს.
ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას უზურპატორისგან, რომ დაიცვას მშვიდობა უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.
ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხებს:
1. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.
2. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ეწ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
3. ეროვნული კრება აცხადებს მშიდობიან გარდამავლ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას. ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვას.
ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი ამას გადაუხვევენ, ე.ი. ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას.
და მათ გასაგონად, კიდევ უნდა მივცეთ ხმა ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოცნების წევრ 6 ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები, რომელთაც აქამდე მოგვიყვანეს. მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში:
1. ირაკლი კობახიძე
2. შალვა პაპუაშვილი
3. ანზორ ჩუბინიძე
4. მამუკა მდინარაძე
5. თეა წულუკიანი
6. ბიძინა ივანიშვილი
მოქალაქეები პაატა ბურჭულაძის მიერ დაყენებულ საკითხებს თანხმობის ნიშნად, სკანდირებით შეხვდნენ.
ხანგრძლივ ვიდეოში პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც საუბრობს. ის ამბობს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას, ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“.
მათთვის, ვინც პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს აქციის მიმდინარეობას, ეს კადრები და სიტყვით გამოსვლები, ნაცნობია.
15:17 - გაგი მოსიაშვილი ეკითხება პროკურორს, ბრალდებულები, მაგალითად გიორგი ქორქია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ადმინისტრაციისკენ მიემართებიან?
პროკურორი პასუხობს, რომ „დიახ“.
ადვოკატი: გვაჩვენეთ.. რა მტკიცებულება გაქვთ, რომ აქედან წავიდან ისიც?
პროკურორი: კითხვა-პასუხის რეჟიმში ვერ მამყოფებთ
ადვოკატი: ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად არის ამ ხალხში გიორგი ქორქია და რომ ის ადმინისტრაციასთან ამ მოწოდების შემდეგ წავიდა?
ამ კითხვას ადვოკატი სვამს მოტივით, რომ გაარკვიოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედება ორგანიზებული იმ ადამიანების მიერ, რომელთაც ორგანიზებას ედავებიან და ეს მტკიცდება თუ არა შესაბამისი მტკიცებულებებით. ორგანიზებულ ძალადობას სჭირდება დადასტურება კავშირისა ორგანიზატორსა და მონაწილე შორის.
პროკურორი: ამ კადრებშიც ჩანს უბრალოდ, შემდგომ ინდივიდუალურად ყველა ბრალდებულთან მიმართებით განვიხილავთ მომდევნო სხდომაზე.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და შედეგი, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოწოდების შემდეგ იმყოფება ადმინისტრაციასთან“, - ამბობს პროკურორი.
ფორუმი