სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. ცნობილია, რომ დღეს ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
გამოძიება რამდენიმე, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.
ამ საქმეზე 4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმ დღესვე, ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს - მონაწილეებად.
სხდომას არ ესწრება პაატა ბურჭულაძე. ადვოკატის თქმით, „ის უკეთეს სპექტაკლებსაა მიჩვეული, ვიდრე ამ სასამართლო დარბაზში ხდება“, თუმცა განმარტავს კიდეც, რომ „ყოველთვის ასე არ იქნება“. ანუ დღეს ბურჭულაძის არყოფნა არ ნიშნავს, რომ ის განხილვებში მონაწილეობაზე უარს სამუდამოდ ამბობს.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სხდომაზე დასწრება სურს ავსტრიის კონსულს, რომელიც სასამართლოს შენობაშია და სთხოვს მანდატურს დაუშვას ის სხდომაზე. დარბაზი სავსეა ადგილი არ არის.
ადვოკატი იგივე თხოვს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძესაც და ამატებს, რომ დარბაზში ბრალდებულის ოჯახის წევრიც ვერ შემოდის.
„თუ დაეტევა, შემოუშვით, როცა მაქვს საშუალება სხდომას ყოველთვის პირველ დარბაზში ვნიშნავ, ახლა ეს შესაძლებლობა არ იყო“, - ამბობს მოსამართლე.
ფორუმი