4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
გამოძიება რამდენიმე, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.
ამ საქმეზე 4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმ დღესვე, ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს - მონაწილეებად.
სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. ცნობილია, რომ დღეს ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ბრალდებულები სხდომათა დარბაზში მას შემდეგ შემოიყვანეს, რაც მხარეებმა და დამსწრეებმა კუთვნილი ადგილები დაიკავეს.
მურთაზ ზოდელავას აცვია მაისური წარწერით - „Plant the change“, რაც პირდაპირ გადაითარგმნება „დარგე ცვლილება“, შინაარსობრივად კი სავარაუდოდ ასე - „ჩაუყარე ცვლილებას საფუძველი“.
ფორუმი