მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომა გახსნა. ნიკა გვენცაძისა და ლაშა ბერიძის ადვოკატები ჯერ არ მოსულან. ფორმალობის დაცვით მოსამართლე ეკითხება მათ, თანახმანი არიან თუ არა პროცესი მათი ადვოკატების მონაწილეობის გარეშე წარიმართოს, თანხმობის მიღების შემდეგ კი პროკურორი ვაჟა თოდუა წარადგენს ვიდეომტკიცებულებას.
მისი თქმით, ეს ტვ პირველის იუთუბიდან გადმოწერილი პირდაპირი ეთერის ჩანაწერია. ეს ვიდეომტკიცებულება 5 ოქტომბრის საქმის იმ სხდომაზე, რომელსაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი თავმჯდომარეობს, უკვე გამოიკვლიეს.
ამ პირდაპირ ეთერში სრულადაა ასახული 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქციის დაწყება და განვითარება. მათთვის, ვინც ამ ეთერს ტელევიზორში თვალს ადევნებდა, ვიდეო, რომელსაც გამოიკვლევენ, უკვე ნაცნობია და ექსკლუზიურ კადრებს არ წარმოადგენს.
ვიდეოჩანაწერი ტვ პირველის პირდაპირი ეთერიდან რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ.
1. პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლა და ე.წ. დეკლარაციის ტექსტის წაკითხვა/კენჭისყრა
2. მურთაზ ზოდელავას გამოსვლა და მოწოდება „დაიძრას მამაკაცური ძალა პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ და ჩაიბაროს გასაღები".
3. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და მის წინ ათონელის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები: რკინის კარის დაზიანება, ეზოში შესვლა, დაპირისპირება, დაშლა სპეციალური საშუალებებით.
„ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა 7 საათია", - ამბობენ პროკურორები.
პირდაპირი ჩანაწერის ერთ-ერთ კადრში ჩანს ბრალდებული თორნიკე მჭედლიშვილი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარის ამაღლებაზეა ასული და მალევე ჩამოდის. „დიახ, თორნიკეა“, - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ „შიგნით შესული არაა და სხვები უკვე არიან ადმინისტრაციის ეზოში“.
ვიდეო, რომელსაც მხარეები სასამართლო სხდომაზე იკვლევენ:
ფორუმი