ავტორი: აკაკი ბერიძე
(საერთაშორისო სამართლის ეგზისტენციალური არსებობის შესახებ)
იყო და არა იყო — ასე იწყება ნებისმიერი ზღაპარი, რომლის დასასრული ყოველთვის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებაა. „ბოროტსა სძლია კეთილმან“- რუსთველის ეს ფილოსოფიური იდეა გაითავისეს არა მხოლოდ ზღაპრების ავტორებმა, არამედ ერთა ლიგამ და გაერთიანებულმა ერებმა (გაერომ). ერთა ლიგის და გაეროს წიაღში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სამართალს უნდა მოეტანა ზღაპრული სამართლიანობა, მშვიდობა და კეთილდღეობა კაცობრიობისათვის. მაგრამ საერთაშორისო სამართალი ზღაპარი არ უნდა იყოს. და მაინც, თანამედროვე მსოფლიო წესრიგში იგი უფრო ჰგავს ბალზაკის შაგრენის ტყავს: დიდი მოთამაშეების ყოველი პოლიტიკური სურვილის შესრულებისას საერთაშორისო სამართლის სივრცე იკუმშება, მცირდება, სიცოცხლეს კარგავს. დიდი სახელმწიფოების სურვილი — ძალაუფლების, უსაფრთხოებისა და გამარჯვებისა — ყოველთვის სრულდება, მაგრამ საფასურად იფიტება თავად საერთაშორისო სამართალი. რაც უფრო მეტად ითხოვენ დიდი სახელმწიფოები საერთაშორისო სამართლისგან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და წესრიგს, მით უფრო შესამჩნევად პატარავდება მისი რეალური მოქმედების არეალი.
ბოლო დღეები ბევრი ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი, სტუდენტებიც მეკითხება საერთაშორისო სამართლის როლზე , ევროკავშირის ფუნქციური დანიშნულების შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში, ასევე აშშ-ის როლზე თანამედროვე მსოფლიოში (მათ შორის რუსეთ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში). ძირითადი კითხვები მაინც ეხება ევროკავშირის მომავალს, როგორც სუპრანაციონალური ორგანიზაციის ფუნქციურ დანიშნულებას გლობალური კრიზისების მართვაში, რომელიც რაღაც ელემენტებით საერთაშორისო ორგანიზაციაა, თუმცა ვერ შედგა კლასიკურ საერთაშორისო ორგანიზაციად. კითხვები ეხება ასევე იარსებებს თუ არა შორეულ პერსპექტივაში EU , იმის ფონზე თუ რა შედეგით დასრულდება რუსეთ უკრაინის ომი.
ამ კითხვებში ტოლსტოისეული დრამატურგია ცოცხლდება — ომსა და მშვიდობას შორის გამოკიდებული კაცობრიობა, რომელიც კვლავ ეძებს „ ძალაზე და Real-politic-აზე დაფუძნებულ მმართველობას“, მაგრამ ისტორია ჯიუტად გვახსენებს: მოვლენებს არა მხოლოდ გენერლები, არამედ უფრო მორალური არჩევანები განსაზღვრავს. სწორედ ასეთ მომენტებში ირკვევა, არის თუ არა საერთაშორისო სამართალი რეალური ძალა, თუ მხოლოდ დეკლარაციული ტექსტი. დღეს ისტორია არ ემორჩილება მხოლოდ სტრატეგებს, და ჩვენს დროში საერთაშორისო სამართალი ხდება ძირითადი თამაშის განმსაზღვრელი საყრდენი თუ ამ თამაშის მთავარი მსხვერპლი?
ამ საკითხებზე პირველი ძაან ღრმა, პოზიტივისტური, მეცნიერული და კრიტიკული სტატია ეკუთვნის ანნე პეტერს, მაქს პლანკის შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს . სტატიის სათაურია International Law and its Scholarship in the Time of Monsters - საერთაშორისო სამართალი და მისი დანიშნულება მონსტრების ეპოქაში.. ანნე პეტერსი აკრიტიკებს დიდ სახელმწიოების მერკანტინულ პოლიტიკას საერთაშორისო სამართალის ფუნქციის და მისიის შესუსტების ჭრილში.
„მონსტრების ეპოქა“ დოსტოევსკის რომანების სულიერი ლანდშაფტია — ეპოქა, სადაც დანაშაული ხშირად რაციონალურია, ხოლო სინდისი — ზედმეტ ტვირთად იქცევა. საერთაშორისო სამართალი ამ რეალობაში აღარ არის აბსოლუტი; იგი გამოცდას აბარებს ადამიანური ბუნების და დიდი სახელმწიფოების ინტერესების ყველაზე ბნელ სიღრმეებში.
ასევე, ამ საკითხებზე ძალიან საინტერესოდ წერს ფრანგული პოლიტიკო, რომელმაც ძალიან ხშირად თქვა რომ EU-ს პრობლემა არ არის არა მხოლოდ ბრიუსელის ბიოკრატიული და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თვითგადარჩენაზე ორიენტირებული პოლიტიკა, არამედ აშშ-ს დამოკიდებულება ევროკავშირის როგორც ინსტიტუციის როლის მიმართ.
ხშირად ემილ ზოლას სოციალური ანატომია მახსენდება: ინსტიტუციები მაშინ ინგრევა, როცა იდეალები ეკონომიკურ ინსტინქტებს ემორჩილება. ევროკავშირი ამ თვალსაზრისით კოლექტიური პერსონაჟია — ან გადაიზრდება და ჩამოყალიბდება იდეურ პასუხისმგებლობაში როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია , ან დაიშლება მერკანტილურ ინტერესებში.
თუმცა, ყველაზე საინტერესოდ რუსეთ-უკრანინის კოფლიქტის ჭრილში საერთაშორისო სამართლის (წესრიგის) ბედი ჩანს, რა გზას უნდა დაადგეს საერთაშორისო სამართალი, ეს უნდა იყოს წესრიგზე დაფუძნებული სამართალი, თუ სამართალზე დაფუძნებული წესრიგი? ამაზე მაქვს რამდენიმე ჩემი მოსაზრება თუ როგორ უნდა განვითარდეს საერთაშორისო სამართალი :
- კოსოვოს კონფლიქტის და კოსოვოს აღიარებამდე სხვა შინაარსის იყო საერთაშორისო სამართალში -სახელმწიფოების ტეტიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი. კოსოვოს აღიარებამ მოშალა ეს ფუნდამენტი , რამაც ხელი შეუწყო საერთაშორისო წესრიგის უფრო მეტად მოშლას,
- რუსეთ უკრაინის კონფლიქტი, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს და რა მიმდინარეობითაც არ უნდა წავიდეს ევროკავშირი არ უნდა დარჩეს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მძევალი, იმიტომ რომ მინიმუმ 5 ევროპული სახელმწიფო ესაზღვრება უკრაინას , რუსეთის სასარგებლოდ ამ ომის დასრულება გეოგრაფიულად და ღირებულებებითაც დაასრულებს ევროკავშირს როგორც იდეას.
- ევროკავშირი უნდა გარდაიქმნას არა მხოლოდ , ეკონომიკის და დემოკრატიის განმავითარებელ ორგანიზაციად არამედ მისი ფუნქციებში უნდა შედიოდეს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ამ ღირებულებების დაცვა მინიმუმ საკუთარ კონტინეტნზე, სხვანაირად აზრი არ ექნება ფურცელზე იდეალების დაცვას.
- დღეს ევროკავშირის პრობლემა არ არის არა მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, არამედ პრობლემაა ასევე ტრამპის მიტოვების პოლიტიკაც (დისტანცირების პოლიტიკა) , თუმცა ეს საინტერესოა, რამდენად შეძლებს ევროკავშირი გააზრებას მიმდინარე პრობლემების, გადაჯგუფებას და პირველ რიგში საკუთარი თავმოყვარეობის და გეოგრაფიის შენარჩუნებას..
ედგარ ალან პოს სამყაროს მსგავსად, ნგრევა აქაც ჩუმად მოდის — არა აფეთქებით, არამედ ბზარებით. ბალზაკის შუანებივით, წესრიგი ინგრევა მაშინ, როცა ძველი ლეგიტიმაცია ქრება და ახალი ვერ ყალიბდება. ევროკავშირისა და გაეროს როგორც ინსტიტუციის დინებაც იგივეა, EU-ს და UN-ის ძველი ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშაა და იდეური გაჯანსაღება ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია.
და ბოლოს, კითხვა რჩება არა ის, არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართალი, არამედ — გვინდა თუ არა მისი არსებობა. ზღაპარში ყოველთვის ბოლოს მოდის მორალი. საერთაშორისო სამართალში კი მორალი მაშინ იწყება, როცა დიდი მოთამაშეები თანხმდებიან სურვილების შეზღუდვაზე. ამ შემთხვევაშიც იგივე ბედი ელის საერთაშორისო სამართალს, თუ დიდმა მოთამაშეებმა ვერ დაიოკეს სურვილები „იყო და არა იყო“ დარჩება არა სათაურად, არამედ საერთაშორისო სამართლის ეპიტაფიად და განაჩენად.
ფორუმი