Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

19:23 4.4.2026
  • დასავლურ მედიაში ვრცელდება ცნობები ირანის მხრიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
  • ეს ბოლო ორ დღეში მეორე შემთხვევაა.
  • პირველი თვითმფრინავის შემთხვევაში ერთი პილოტი გადარჩა, მეორეს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
  • მეორე ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი გადარჩა.
19:22 4.4.2026

ირანმა ჰორმუზის სრუტის გავლის ნებართვა მისცა თავისი პორტებისკენ მომავალ, აუცილებელი საჭიროების საქონლით დატვირთულ ხომალდებს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით.

წერილის თანახმად, ხომალდებმა, რომლებიც ირანის პორტებისკენ მოძრაობენ, - მათ შორის მათ, რომლებიც ამჟამად ომანის ყურეში იმყოფებიან, - ხელისუფლებასთან კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და უნდა დაიცვან სრუტის გავლისთვის შემოღებული წესები.

19:22 4.4.2026

ირანში უკვე მეორე დღეა, გრძელდება აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის, F-15E-ის ტიპის გამანადგურებლის, პილოტის ძებნა. თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ჩამოაგდეს.

ხომალდის ეკიპაჟი ორი პირისგან შედგებოდა. ერთ-ერთი პილოტის გადარჩენა და ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხერხდა აშშ-ის სამხედროების ოპერაციის შედეგად, მეორე მფრინავს კვლავაც ეძებენ. ირანის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ძიების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და ანაზღაურებას დაჰპირდა.

პენტაგონს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია თვითმფრინავის დაკარგვაზე, თუმცა თეთრ სახლში არ უარყოფენ ცნობას, რომ ხომალდი ჩამოაგდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მომხდარი არ იქონიებს გავლენას აშშ-ის პოზიციაზე ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მედიაში ვრცელდება მოსაზრება, რომ პილოტის ირანის ხელისუფლების ტყვეობაში აღმოჩენა აშშ-ს გაურთულებს საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას.

23:56 3.4.2026

აშშ-ის საელჩომ ლიბანში 3 აპრილს გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ირანმა და მისმა მოკავშირე ჯგუფებმა შესაძლოა სცადონ ქვეყანაში არსებულ უნივერსიტეტებზე იერიშის მიტანა

„ირანმა და მასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა განიზრახონ ლიბანში არსებული უნივერსიტეტების მიზანში ამოღება“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„უსაფრთხოების მდგომარეობა ლიბანში არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. საჰაერო დარტყმები, დრონების და სარაკეტო თავდასხმებია მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სამხრეთში, ბექაას ხეობასა და ბეირუთის ნაწილებში“, - ნათქვამია ასევე უსაფრთხოების გაფრთხილებაში.

„თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს დატოვონ ლიბანი, სანამ კომერციული ფრენების ვარიანტები კვლავ ხელმისაწვდომია“, - დასძენს საელჩო.

გაფრთხილებაში არ არის დასახელებული კონკრეტული დაწესებულებები, თუმცა ის მოჰყვება ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მუქარას ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული უნივერსიტეტების მიზანში ამოღების შესახებ; ირანი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის და ისრაელის დარტყმებმა ორი ირანული უნივერსიტეტი გაანადგურა.

ლიბანში მდებარეობს ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUB), რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული დაწესებულებაა და რომლის კამპუსი და ჰოსპიტალი ბეირუთის ცენტრში მდებარეობს.

ისრაელის სამხედრო ძალები ბომბავენ ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში მდებარე იმ ობიექტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ ადგილმდებარეობები. „ჰეზბოლა“ აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG