7 აპრილი საბოლოო ვადაა ირანისთვის საიმისოდ, რომ მან მიიღოს აშშ-ის წინადადებები და გააფორმოს სამშვიდობო შეთანხმება - ეს 6 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა ვაშინგტონში
ტრამპის თქმით, ირანის ბოლო წინადადებები იყო "სერიოზული", მაგრამ "არასაკმარისი" იმისთვის, რომ აშშ-მა გააჩეროს ამ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია.
მანამდე ტრამპმა მკვეთრი ფორმით მოუწოდა ირანს 48 საათის განმავლობაში დათანხმებოდა აშშ-ის "გარიგებას", ან, ყოველ შემთხვევაში, ხომალდებისთვის გაეხსნა ჰორმუზის სრუტე. მოგვიანებით ტრამპმა ულტიმატუმის ვადა 7 აპრილამდე გადადო. ირანის მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტრამპი გამოვიდა ახალი, ძლიერი დარტყმების მუქარით, მათ შორის ელექტროსადგურებზე და ირანის ენერგეტიკის სხვა ობიექტებზე.
ტრამპი აცხადებს, რომ ომი "ძალიან სწრაფად" დასრულდება, თუ ირანი დათანხმდება გარიგებას. თეირანში კვლავაც უარყოფენ აშშ-ის მოთხოვნებს.
მანამდე სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პაკისტანმა აშშ-სა და ირანს გადასცა სამშვიდობო გეგმის თავისი ვარიანტი - და რომ შეთანხმების შემთხვევაში ის, შესაძლოა, უკვე 6 აპრილიდან ამოქმედდეს.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მაჯიდ ხადემი
„გუშაგთა კორპუსმა“ გენერალ ხადემის დაღუპვის ფაქტი 6 აპრილს დაადასტურა დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, მაჯიდ ხადემი ლიკვიდირებულია ისრაელის ავიადარტყმის შედეგად.
მაჯიდ ხადემი დაზვერვის სამსახურის უფროსად 2025 წლის ზაფხულში დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ 2025 წლის ივნისში ჩატარებული 12-დღიანი ოპერაციისას დაიღუპა ამ სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამად ყაზემი.
2026 წლის იანვარში შეერთებულმა შტატებმა მაჯიდ ხადემის სანქციები დაუწესა ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ხელშეწყობის გამო.
პაკისტანმა აშშ-სა და ირანს გადასცა სამშვიდობო გეგმის თავისი ვარიანტი - შეთანხმების შემთხვევაში ის, შესაძლოა, უკვე 6 აპრილიდან ამოქმედდეს, იუწყება სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს წყაროთა ცნობით, ისლამაბადი შუამავლის როლში გამოდის და მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რაც შესაძლებელს გახდის ჰორმუზის სრუტეში ხომალდების მოძრაობის აღდგენას. ამის შემდეგ მხარეებს 15-20 დღე ექნებათ უფრო ფართო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. საბოლოო შეხვედრა და დოკუმენტზე ხელმოწერის აქტი ისლამაბადში უნდა შედგეს.
როგორც ვარაუდობენ, საბოლოო შეთანხმებაში ირანს დაეკისრება ვალდებულება, არ განავითაროს ბირთვული იარაღი, სანქციების მოხსნის და გაყინული აქტივების გათავისუფლების სანაცვლოდ.
თითქმის ორმოცი დღეა გრძელდება ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თეირანი პასუხობს რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
ირანის სახელმწიფო მედიის მიერ 6 აპრილს გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა აშშ-ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანსა და მის მახლობლად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია ორი საცხოვრებელი შენობა.
„ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირის მქონე სააგენტო Tasnim-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ფორუმი