Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ქონებას ფლობს ილია ღუდუშაური, რომელიც სასწრაფოების ტენდერის საქმეზე დააკავეს

ილია ღუდუშაური
ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წაყენებას ელოდება. ყოფილ ჩინოვნიკს, რომელსაც მაღალი თანამდებობა წლების განმავლობაში ეკავა, მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ილია ღუდუშაური საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილედ მუშაობის დროს მას მამამ 30 000 დოლარი აჩუქა.

2018 წელს შევსებული დეკლარაციით, მან 2017 წელს თბილისის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე 108 000 დოლარის ღირებულების ბინა შეიძინა, რისთვისაც იპოთეკური სესხიც აიღო ბანკიდან. ამ დროს მას სხვა ქონება არ ჰქონდა.

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2021 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა, სწორედ იმ დღეს, როცა მინისტრი გახდა ზურაბ აზარაშვილი. ამ თანამდებობას კი მიხეილ სარჯველაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ აღარ იკავებს.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერძო სექტორშიც მუშაობდა. იყო კომპანია „სანფლაუერსისა“ და „ინისის“ ფინანსური კონსულტანტი, ასევე „დი ეი სი კაპიტალის“ აუდიტორი. მან 2021 წლის პირველ ცხრა თვეში ამ კერძო კომპანიებიდან ორჯერ მეტი (136 427) ხელფასი აიღო, ვიდრე 2022 წელს მინისტრის მოადგილედ მუშაობის განმავლობაში (67 536).

ამონარიდები ილია ღუდუშაურის მიერ 2022 და 2023 წლების დეკლრაციებიდან
ამონარიდები ილია ღუდუშაურის მიერ 2022 და 2023 წლების დეკლრაციებიდან

მისი დეკლარაციებით ირკვევა, რომ სხვადასხვა დროს მან და მისმა ცოლმა არაერთი ქონება იყიდეს:

  • 2019 წელს ოთხი კომერციული ფართი თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე. 689 კვადრატული ფართი 676 000 ლარი დაუჯდათ;
  • 2021 წელს 214 000 დოლარად იყიდა 390 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე სამი ნაგებობა.
ილია ღუდუშაურის ოჯახის ქონება
ილია ღუდუშაურის ოჯახის ქონება

ბოლო დეკლარაცია ილია ღუდუშაურმა 2025 წლის 30 მაისს შეავსო. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ 2024 წელს მის ოჯახს სახლის მშენებლობა 174 287 ლარი დაუჯდა, ერთ-ერთ კომპანიაში კაპიტალი 225 000 დოლარით შეამცირა, მეორეში კი 450 000 დოლარით გაზარდა.

ამონარიდი ილია ღუდუშაურის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაციიდან
ამონარიდი ილია ღუდუშაურის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაციიდან

ილია ღუდუშაური გუშინ, 26 იანვარს დააკავეს. მას ბრალს წაუყენებენ სასწრაფო დახმარების ავტომობილების შესყიდვის საქმეზე. ფინანსური პოლიციის ცნობით, მისი მითითებით შეწყდა 2022 წელს 8 525 876 ლარის ღირებულების ტენდერი.

„წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, - განაცხადა „ფინანსური პოლიციის“ სამმართველოს უფროსის მოადგილემ.

მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ღუდუშაურის ძმა - ბრალდებული კორუფციის საქმეზე

ახლახან დაკავებული ილია ღუდუშაურის ძმა არის ვლადიმერ ღუდუშაური, - ისიც ყოფილი მაღალჩინოსანია, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

ბრალი მასაც აქვს წარდგენილი და ოქტომბრიდან გირაოთია გათავისუფლებული.

ვლადიმერ ღუდუშაური ერთ-ერთი პირველი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვიდან, რომელიც დააკავეს.

ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ - 1 333 728 ლარის - გაფლანგვას. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.

  • ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან მუშაობდა.
  • მანამდე ის საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მსახურობდა.
  • 2019-21 წლებში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2021-24 წლებში კი - დეპარტამენტის უფროსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG