ავტორი: თედო ჯაფარიძე
საქართველო, შავი ზღვის საზღვარი და ტრანსაქციული ეპოქა
არსებობს ძველი ქართული ლეგენდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს ბევრად უკეთ ხსნის, ვიდრე დიპლომატიური დეპეშების უმეტესობა.
ღმერთმა მიწების განაწილება რომ დაიწყო, მას ყველა ტომი დროულად ეახლა. მხოლოდ ქართველებმა დაიგვიანეს – არა სიზარმაცის ან გულგრილობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქეიფობდნენ. როცა, ბოლოს და ბოლოს, საშველი დააყენეს და გამოცხადდნენ, ღმერთმა ჰკითხა, რატომ დაიგვიანეთო. ქართველებმა გულწრფელად უპასუხეს: ვქეიფობდით და წამოსვლის წინ შენი სადღეგრძელოც შევსვითო. ლეგენდის თანახმად, ღმერთმა გაიღიმა და მათ ის ულამაზესი მიწა აჩუქა, თავისთვის რომ ჰქონდა შემონახული: თოვლიანი მთები, აბიბინებული მინდორ-ველი, ყურძნით დახუნძლული ვენახები და დასავლეთისკენ გახსნილი ზღვის სანაპირო. ქართველებმა საჩუქრად მიიღეს საუცხოო მიწა, მაგრამ ამ საჩუქარს ერთი ნაკლი ჰქონდა: მძიმე სამეზობლო. თვით შავი ზღვაც კი არასოდეს ყოფილა დამამშვიდებელი. ძველმა ბერძნებმა მას ჯერ Pontos Axeinos-ი („არასტუმართმოყვარე ზღვა“) უწოდეს: ნაოსნობა ათასგვარ ხიფათს უკავშირდებოდა და სანაპიროებზე სხვადასხვა ჯურის ტომები დათარეშობდნენ. ზღვას მხოლოდ მოგვიანებით შეუცვალეს სახელი და Pontos Euxeinos-ი („სტუმართმოყვარე ზღვა“) დაარქვეს – ევფემიზმი, რომელიც ადამიანის ჩვევებისა და ინსტინქტების ღრმა ფესვებს აშიშვლებს: როცა საფრთხე მუდმივია, მის სახელს ვარბილებთ, რათა მასთან ერთად ცხოვრება შევძლოთ. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა საფრთხის თანხლებით. ამიტომაც ჩვენ არასოდეს გვქონია ფუფუნება, გეოგრაფია იდეოლოგიაში აგვერია.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, წარმოთქვა ფრაზა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა თავისი სასტიკი ელეგანტურობის გამო: თუ ქვეყანა მოლაპარაკების მაგიდას არ უზის, მან შეიძლება მენიუში ამოყოს თავიო. გეოგრაფიულად კანადა არც პატარა ქვეყანაა, არც საშუალო – რუკაზე მას უზარმაზარი ტერიტორია უკავია. მაგრამ ძალაუფლების იერარქიაში თვით ყველაზე დიდი ეკონომიკებიც კი შეიძლება „საშუალო მოთამაშეებად“ ჩამოყალიბდნენ – „ზემოთ“ მიღწეული გარიგებების შედეგად მოწყვლადად გადაიქცნენ.
საქართველოსთვის ამ მეტაფორას სხვა დატვირთვა აქვს – ჩვენ მუდამ ვიღაცის „მენიუს“ ნაწილი ვიყავით. არ გავჩენილვართ დედამიწის რომელიმე დაცულ კუთხეში. თავიდანვე აღმოვჩნდით გზაჯვარედინზე – იმპერიებს შორის, მარშრუტებს შორის, ურთიერთდაპირისპირებულ ისტორიებს შორის. მთავარი კითხვა არასოდეს ყოფილა, გვამჩნევენ თუ არა ჩვენზე დიდი ძალები. ყოველთვის გვამჩნევენ. კითხვა ის არის: ვინ გვამჩნევს და რა მიზნით? რადგან არსებობს სტრატეგიული თუ პოლიტიკური მენიუები, სადაც პარტნიორად გაღიარებენ, და მენიუები, სადაც გემრიელი ლუკმა ხარ ან, თუ განსაკუთრებით არ გაგიმართლა, უბრალოდ, როგორც რუსები იტყვიან – „ზაკუსკა“.
ათწლეულების განმავლობაში საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ნათელი იყო: ორიენტაცია დასავლეთისკენ, პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მომავლის აგება არა ვინმესადმი დამორჩილებაზე, არამედ დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე. ეს გზა არასდროს ყოფილა იოლი და ხშირად მოითხოვდა იმგვარ მძიმე მსხვერპლს, როგორსაც პატარა ქვეყნებს უფრო ხშირად სთხოვენ, ვიდრე დიდებს.
მაგრამ ქართველებისთვის ერთი უხერხული სიმართლეც ცნობილია: თუ პოსტსაბჭოთა ქარტეხილებში საქართველომ შეძლო დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ თავის გატანა, ეს დიდწილად იმიტომ მოხდა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მთლიანად დასავლეთმა, მას ზურგი არ აქცია. აშშ-ის დახმარება, პოლიტიკური მხარდაჭერა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მატერიალურადაც მნიშვნელოვანი იყო და მორალურადაც.
თუმცა, ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენს ურთიერთობებში დასავლეთთან და, კონკრეტულად, ამერიკასთან რაღაც შეიცვალა და ამას უკვე რიგითი ქართველებიც გრძნობენ: ყურადღების ნაკლებობას, ჩვენდამი ინტერესის განელებას, ე. წ. „ბიუროკრატიულ სიჩუმეს“ იქ, სადაც ოდესღაც სტრატეგიული თანამშრომლობა სუფევდა. ამ ურთიერთობაში აშკარად რაღაც აირია და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში რიგითი მოქალაქისთვის მიზეზები ყოველთვის თვალსაჩინო არ არის, დიპლომატიური მანქანის შიგნით ნამუშევარი ადამიანისთვის ისინი ნათლად იკითხება.
პატარა ქვეყნისთვის ყველაზე უარესი შედეგი დაუფარავი მტრობა ან პირდაპირი კონფრონტაცია როდია – გაცილებით უარესია მათდამი ზერელე ან, სულაც, გულგრილი დამოკიდებულება, ანუ, როგორც იტყვიან, „ყურადღების რადარიდან“ გაქრობა.
ამერიკული პოლიტიკის ოლიმპზე დონალდ ტრამპის დაბრუნებამ პატარა ერების გადარჩენის ენაც შეცვალა. მოგვწონს თუ არ მოგვწონს პრეზიდენტი ტრამპი, ის საგარეო პოლიტიკის უფრო ტრანსაქციულ ნაირსახეობას განასახიერებს – მიდგომას, სადაც ალიანსები იქმნება და ფასდება არა იმდენად ემოციებით, რამდენადაც მყისიერი სარგებლით. ამგვარ გარემოში საქართველო, რამდენიც უნდა ამტკიცოს თავისი ერთგულება, ვერ გადარჩება. მას ვერც მხოლოდ ის გადაარჩენს, რომ თქვას, მართალი ვარო. ეს არ კმარა.
საქართველომ იმის თქმაც უნდა შეძლოს, რაც პოლიტიკის კეთების „ახალ ლოგიკას“ მიესადაგება: მან უნდა დაამტკიცოს, რომ არის გამოსადეგი, ღირებული, პროგნოზირებადი, სანდო პარტნიორი და ნათქვამს მყარი არგუმენტებითაც გაუმაგროს ზურგი.
მახსოვს, ვაშინგტონში საქართველოს ელჩად მუშაობისას, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ჩემი მთავარი კითხვა ხშირად იყო არა „რა შეგიძლიათ გაუკეთოთ საქართველოს?“ (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრი რამ სჭირდებოდა), არამედ, პირიქით: „რის გაკეთება შეუძლია საქართველოს შეერთებული შტატებისთვის?“ ამგვარად დასმულ კითხვას მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მან ურთიერთობის გეომეტრია შეცვალა – საქართველო ჩვეულებრივი სასაუბრო მასალიდან, ამერიკის სტაბილურობისა და უსაფრთხოების თუნდაც მცირე კონტრიბუტორად აქცია; ვაშინგტონს შეახსენა, რომ საქართველოს, როგორც პარტნიორის, ღირებულება მხოლოდ მორალური კი არა, სტრატეგიულიც იყო. ასეთი მიდგომა არ შეცვლილა – შეიცვალა მხოლოდ მისი შეფუთვა დღევანდელი პოლიტიკური ლექსიკონის გამოყენებით.
გასაგებია, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული რესურსი მისი მინერალური სიმდიდრე არ გახლავთ. ეს რესურსი მისი გეოგრაფიაა – ვუწოდოთ მას „მოხმარებითი გეოგრაფია“. ჩვენ ვიმყოფებით „შუა დერეფნის“ კრიტიკულ მონაკვეთზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას აზიასთან აკავშირებს. ჩვენ ვართ შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფო, როგორც იტყვიან, მიჯნაზე მდგომი ქვეყანა, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როცა რუსეთი საზღვრების გადაწევ-გადმოწევასა და იმპერიული კონტროლის აღდგენას ცდილობს. და არსებობს ერთი პროექტი, რომელიც ამ თეორიას პრაქტიკად აქცევს: „ანაკლია“. ღრმაწყლოვანი პორტი მხოლოდ განვითარების ოცნება არ არის. დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში ის სტრატეგიული პლატფორმაა – ბერკეტი ვაჭრობისთვის, კავშირებისთვისა და მდგრადობისთვის. ეს იმ ტიპის პროექტია, რომელიც ევროპას აზიასთან წვდომას განუმტკიცებს, ავტორიტარული ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ მარშრუტებზე დამოკიდებულებას შეამცირებს და დასავლეთს რიტორიკის ნაცვლად პრაქტიკულ არჩევანს მისცემს.
ეს ქველმოქმედება არ არის – ეს სტრატეგიაა.
ჩვენს რეგიონში მუდამ იარსებებს სხვადასხვა კონკურენტული რუკები და დერეფნები, ამბიციური მოთამაშეების მიერ დახატული ლამაზი ისრებით, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთზე გადაჭიმული და „ისტორიული გარღვევების“ ხმამაღალი განცხადებების შედეგად გაფორმებული. მაგრამ დერეფნები მხოლოდ პრესრელიზებში არ ცხოვრობენ – დერეფნები ცხოვრობენ ინფრასტრუქტურაში, სტაბილურობასა და პროგნოზირებად ტრანზიტში. და სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი სერიოზული „მარშრუტი“, რომელიც საქართველოს გამორიცხავს, მარშრუტი არ არის – ეს PowerPoint-ის ფანტაზიაა.
თუმცა არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია. საქართველო შეიძლება იყოს ერთგული, საქართველო შეიძლება იყოს სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორი, მაგრამ ის ვერ იქნება ერთგული თუ სანდო საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვის ფასად. რადგან ერთგულება სუვერენიტეტის გარეშე ერთგულება არ არის – ეს მორჩილებაა. ხოლო მორჩილება უსაფრთხოებას არ ქმნის – ის მხოლოდ მოთხოვნებს აჩენს.
ახალი ალიანსების მიზანი არ უნდა იყოს პატარა ერების გადანაწილება ახალი გავლენის სფეროებში. ამოცანა უნდა იყოს, რომ ისინი ძველმა იმპერიულმა სფეროებმა არ შთანთქას. საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რასაც პატარა ქვეყნები ყოველთვის აკეთებდნენ: სწრაფად მოერგოს შექმნილ ვითარებას, უფრო მკაფიოდ თქვას სათქმელი, ძნელად უგულებელსაყოფად აქციოს საკუთარი თავი და მის ხელთ არსებული პოტენციალი თუ რესურსი და, რაც მთავარია, ილუზიების გარეშე აირჩიოს „სტრატეგიული ღობის“ სწორი მხარე. ამას სჭირდება სერიოზულობა თბილისში და სიცხადე ვაშინგტონში. და ე. წ. „კოლექტიური დასავლეთისათვის“ ერთი რამის შეხსენება (რაც, კაცმა რომ თქვას, არც აქამდე უნდა დავიწყებულიყო): როცა პატარა დემოკრატიებს „სახარჯო მასალად“ ან რაღაც დანამატად აღიქვამენ, ამით ავტორიტარული იმპერიები არ კმაყოფილდებიან – მათ მხოლოდ მადა ეზრდებათ.
პრემიერ კარნის მეტაფორა მენიუს ხსენებით მთავრდება. საქართველოს ისტორია – არა. ჩვენ გვერგო ულამაზესი მიწა – თუმცა დაგვიანებით, ქეიფის შემდეგ, ღმერთის სადიდებლად შესმული სადღეგრძელოს მერე. და ჩვენ ამ მიწის შენარჩუნება გვმართებს. არა სხვის კერძად, არამედ ჩვენს საკუთარ ქვეყნად. ასე გამოიყურება გადარჩენის სტრატეგია პატარა ქვეყნისთვის მძიმე სამეზობლოში: არა ხმამაღალი სიტყვებითა და თეატრალური აღშფოთებით, არამედ წარმოჩენის, გამოსადეგობისა და სუვერენიტეტის დაცვის მკაცრი დისციპლინით, მაშინაც კი, როცა მსოფლიო ამ მხრივ „მშიერია“ და სხვა საქმეებით არის დაკავებული. მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო კვლავ აღიქმებოდეს გამოსადეგად და ღირებულად, მან ჯერ შინაგანად უნდა მოიწესრიგოს თავი: აღადგინოს დემოკრატიული და ინსტიტუციური ბალანსი, ურთიერთნდობა სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს შორის.
დღეს ეს, შესაძლოა, სიზიფეს ტვირთად გვესახებოდეს – იმ თითქოს მიუღწეველ მიზნად თუ საზღაურად, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კი არა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ. რადგან საქართველო ყველას გვეკუთვნის. ის არ არის ვინმეს კერძო საკუთრება – არც შინაურის, არც უცხოტომელის.
ფორუმი