13:13 - სხდომათა დარბაზთან რიგია. მოსულები არიან პოლიტიკოსების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. წინასასამართლო სხდომა მესამე დარბაზში უნდა გაიმართოს.
13:13 - ამ საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსია. გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე უკვე სხდომათა დარბაზში არიან. სხვები პატიმრები არიან და ეტაპირების სამსახურმა უკვე მოიყვანა სასამართლოში. ბრალდებულებს შორისაა - მსჯავრდადებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
13:20 - დასწრების მსურველი იმდენად ბევრია, რომ მანდატურები გადაკეტილი სივრცის დაცვაა ვეღარ ახერხებენ და თავად დგებიან დარბაზსა და ხალხს შორის ბარიერად.
13:30 - ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წაუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულსიხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.
ფორუმი