Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთს ჩაუშალეს უკრაინაში ცნობილი ადამიანების მკვლელობის გეგმა

უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა 20 თებერვალს გამოაცხადეს, რომ მოლდოვასთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად აღკვეთეს რუსეთის გეგმა, რომელიც უკრაინაში არაერთი ცნობილი ადამიანის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა
უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა 20 თებერვალს გამოაცხადეს, რომ მოლდოვასთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად აღკვეთეს რუსეთის გეგმა, რომელიც უკრაინაში არაერთი ცნობილი ადამიანის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა

უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დღეს, 20 თებერვალს გამოაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინაში მედიის და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა „მკვლელობის გეგმა ჩაუშალეს“. მის აღსაკვეთად მოლდოვის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარდა ოპერაცია „ენიგმა 2.0“, რომლის შედეგად 10 პირია დაკავებული.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო:

  • რუსეთის მიერ „ექსტრემისტად“ გამოცხადებული და ძებნილი ცნობილი ჟურნალისტის, უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოქმედი სამხედროების, მათ შორის „უცხოური ლეგიონის“ მებრძოლების და პროუკრაინული პოზიციის მქონე რუსი აქტივისტის ლიკვიდაცია.

უკრაინის ეროვნულ პოლიციას არცერთი პოტენციური მსხვერპლის ვინაობა საჯაროდ არ დაუსახელებია. უკრაინის გენერალური პროკურატურის საიტზე ამავე ოპერაციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვისი ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელი ანდრი იუსოვია.

უკრაინის ეროვნული პოლიციის თანახმად:

  • რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი მკვლელობისთვის დაქირავებული იყვნენ მოლდოვის მოქალაქეები.
  • „აგენტურულ-საბრძოლო ჯგუფის“ ორგანიზატორი და კოორდინატორი იყო მოლდოვის მოქალაქე, 34 წლის კაცი, რომელიც ადრე სასჯელს რუსეთში იხდიდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მხარს უჭერდა პრორუსულ დაჯგუფებას, რომლის საქმიანობაც მიმართული იყო მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და 2022-2023 წლებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისკენ.
  • მოლდოვის მოქალაქემ შექმნა „იერარქიული სტრუქტურა“ და თანაშემწეებად დაიქირავა 25 წლამდე ასაკის თანამემამულეები, რომლებიც მოლდოვაში ახდენდნენ ახალგაზრდების გადაბირებას, ძირითადად, სამხედრო სასწავლებლებიდან და უზრუნველყოფდნენ უკრაინაში მათ ტრანსპორტირებას და დაფინანსებას.
  • მათი ნაწილი, ძირითადად, კურიერების სახით, უთვალთვალებდა „ობიექტებს“, ფოტოებს და ვიდეოებს იღებდნენ, აგროვებდნენ ინფორმაციას დღის განრიგის, საცხოვრებლის, გადაადგილების მარშრუტებისა და დაცვის დონის შესახებ, ნაწილი კი დაკავებული იყო იარაღის შეძენით, სამალავების მოწყობითა და ლიკვიდაციის საშუალებების მომზადებით.
  • დაკვეთილი მკვლელობების შესრულებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისგან დაპირებული იყო ასეულობით ათასი დოლარის ჯილდო. მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ლიკვიდაციისთვის - 100 000 დოლარი.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებულია 7 პირი, ხოლო მოლდოვაში - 3, მათ შორის ორგანიზატორი.

უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურების მიზანი იყო რეზონანსული მკვლელობებით უკრაინაში გამოეწვიათ შიში, საზოგადოების დემორალიზაცია და შიდა სიტუაციის დესტაბილიზაცია.

რუსეთის მხრიდან რეაქცია ჯერჯერობით არ ყოფილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG