„შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, ამიტომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ ბევრ ფულს ვშოულობთ. თუმცა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ბოროტი იმპერიის, ირანის შეჩერება, არ შექმნას ბირთვული იარაღი და ვერ გაანადგუროს ახლო აღმოსავლეთი და, რა თქმა უნდა, მსოფლიო”, - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში.
უფრო ადრე, 10 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თუ ირანი მიმართავს ქმედებებს, რომელთა გამოც ჰორმუზის სრუტით ნავთობის ნაკადი შეჩერდება, აშშ ირანს ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს.
ირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც, 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოხმარების 20 პროცენტს ატარებს. ამას გარდა, სრუტეზე გადის მსოფლიო თხევადი გაზის 20 პროცენტი.
ამ კვირის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 120 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა შემდეგ ფასები შედარებით სტაბილური გახდა და 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ტანკერებსა და ნავთობის ობიექტებზე მორიგი დარტყმების ფონზე, 12 მარტს დილით, აზიის ბირჟებზე Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა ისევ 100 დოლარს გადააჭარბა.
გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის, აშშ-ს, ასევე გერმანიას, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, ისლამურ რესპუბლიკას შორის 2015 წელს დაიდო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და ამის სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების შერბილებას გულისხმობდა.
შეთანხმება 2018 წელს აშშ-მა ცალმხრივად დატოვა დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს.
ფორუმი