ორგანიზაცია Zero Strays Georgia-ს წარმომადგებლები აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას.
შესაბამისი განკარგულება სააგენტოს ავალდებულებდა უკვე სტერილიზებული ცხოველების გარემოში დაბრუნებას, თუმცა, ცხოველმოყვარული აქტივისტების ინფორმაციით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა.
ხოლო დაბრუნებული ცხოველების ნაწილს ჭირი და სხვა დაავადებები აღმოაჩნდათ.
2026 წელს, არსებული ინფორმაციით, კიდევ 36,000+ მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება.
„ახალი განკარგულების მიხედვით, აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება“ , თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, რა რადიუსის სიახლოვეში არ შეიძლება ცხოველის დაბრუნება“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
აქტივისტები შიშობენ, რომ განკარგულების ამ ჩანაწერის გამო სააგენტოს უფრო მეტად შეუმცირდება მოტივაცია და სამართლებრივი საფუძველი, რომ თავდაპირველ საცხოვრებელ არეალში დააბრუნოს ძაღლი.
Zero Strays Georgia-ში აცხადებენ, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა სააგენტომ უნდა შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:
- სტერილიზებული (საჭდიანი) ცხოველი არ უნდა გადაიყვანონ თავშესაფარში, თუ მას არ სჭირდება შესაბამისი მკურნალობა. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ადგილზევე;
- აუცილებელია, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ის დაკარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა.
ცხოველმოყვარული აქტივისტები მიიჩნევენ, რომ განკარგულებაში გაწერილი შეზღუდვები კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში ძაღლის დაბრუნების შესახებ არა მხოლოდ ბუნდოვანია, არამედ აზრს მოკლებულიც.
"თუ ძაღლს დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი".
ორგანიზაციები (Zero Strays Georgia, Animal Project და Peteasy) და ცხოველმოყვარული აქტივისტები მოითხოვენ შესაბამის ცვლილებებს აღსრულებაში და კანონმდებლობაში, რომ სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველები დაბრუნდნენ თავდაპირველ საცხოვრებელ გარემოში.
მათ, კანცელარიასთნ გამართულ აქციაზე შეკრებილ სხვა აქტივისტებთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტოსგან მოითხოვეს, გაასაჯაროვოს, სად წაიყვანეს ქუჩებიდან აყვანილი და გაუჩინარებული ცხოველები და აცნობოს მიმკედლებლებს, სად ჰყავთ ახლა ისინი.
ამ მოთხოვნებით ცხოველმოყვარულმა აქტივისტებმა მომდევნო კვირას კიდევ ერთი აქცია დაანონსეს.
ფორუმი