Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მორიგ შეტევას, მას საჰაერო ძალებმა „არატიპური“ უწოდეს

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციამ 16 მარტს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის დრონებით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლის ფოტო
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციამ 16 მარტს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის დრონებით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლის ფოტო

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო გასულ ღამით და დღეს დილითაც, რასაც უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ „არატიპური“ უწოდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზაპოროჟიეში დილით დრონებით შეტევა იყო ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა გასულ ღამით ქალაქ ხარკოვში. ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

დღეს დილით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა დრონებით შეტევას იგერიებდა დედაქალაქ კიევშიც. მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, მოგერიებული აპარატების ნამსხვრევები კიევის ცენტრში ჩამოცვივდა. კლიჩკოს თანახმად, არავინ დაშავებულა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დღეს, 16 მარტს ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, გასულ ღამით და დღეს დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 211 უპილოტო საფრენი აპარატით.

სარდლობის განმარტებით, მორიგი შეტევის თავისებურება იყო დრონებით „არატიპური დილის შეტევა“ კიევის ოლქის მიმართულებით. დარტყმის ქვეშ იყვნენ ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქებიც.

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 11:00 საათის მდგომარეობით დადასტურებული იყო რუსეთის 194 დრონის მოგერიება, 16-ით პირდაპირი დარტყმა 10 ადგილზე და ნამსხვრევების ჩამოცვენა 11-ზე.

16 მარტს დღისით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში დაარტყეს ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების „ინტერესებისთვის გამოიყენება", დრონების მწარმოებელ საამქროს და მათი მომზადებისა და გაშვების ადგილებს სამხედრო აეროდრომებზე.

მანამდე, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 15 მარტის ღამის 11 საათიდან 16 მარტის დილის 8 საათამდე მოიგერიეს 145 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი, 53 - მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

მაგალითად, დილით გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კრასნოდარის მხარეში მოგერიებული იყო ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, მაშინ, როცა რუსეთის ამ რეგიონის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ქალაქ ლაბინსკის სამრეწველო ზონაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG