Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, პლასტმასის ბოთლების აკრძალვა შესაძლოა გადაიდოს

ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე.

საქართველოში პლასტმასის მცირე ზომის ბოთლებში წყლის, წვენების, გაზირებული სასმლისა და ალკოჰოლის ჩამოსხმა 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აიკრძალოს. დადგენილება 12 მარტს მიიღეს, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეიძლება გადაწყვეტილებას გადახედონ.

„მქონდა კომუნიკაცია და პირადად დავპირდი სექტორის წარმომადგენლებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს სექტორის წარმომადგენლებთან“, - თქვა მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე BMG-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მანვე აღნიშნა, რომ პლასტმასის ბოთლებში სასმლის ჩამოსხმის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს გარემოზე ზიანის შემცირებისა და გამომწვევი მძიმე დაავადებების შესამცირებლად. თუმცა გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.

„დრო არის საკმარისზე მეტი... შეიძლება გადავდოთ, შეიძლება - შევცვალოთ. აბსოლუტურად ღია ვართ, არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები. არც ფასების გაძვირება გვინდა შესაბამის პროდუქტებზე, შესაბამისად იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თანაბრად დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მეორე მხრივ ბიზნესინტერესებს და ფასების არგაზრდის ინტერესს“, - თქვა მან.

სურსათისა და ალკოჰოლის შესანახი პლასტმასის ნაწარმის აკრძალვის შესახებ

რეგულაცია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-10 მუხლზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობამ 12 მარტს მიიღო. მისი ერთი ნაწილი, რომელიც კვების ობიექტებიდან პროდუქტის გაცემის დროს აკრძალვას ეხება, 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. მეორე ნაწილი, რომელიც სასმლის პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმას შეეხება, 2027 წლის 1 თებერვლიდან.

აკრძალვა არ გავრცელდება წყლისთვის განკუთვნილ 3 ლიტრისა და მეტი მოცულობის ბოთლებზე, სხვა სასმლის შემთხვევაში კი პლასტმასის ბოთლი შეიძლება იყოს 20 ლიტრზე მეტი.

კომპანიები პროდუქტის გაყიდვას პლასტმასის ნაწარმში არჩევენ, რადგან იაფია, ტრანსპორტირება იაფი ჯდება და არ მოითხოვს გადატანის დროს სპეციალურ პირობებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG