Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ რეექსპორტს

შივონ მაკგარი, ევროკომისიის პრესსპიკერი ბრიფინგზე 2026 წლის 16 მარტი. ბრიუსელი, ევროკომისია
შივონ მაკგარი, ევროკომისიის პრესსპიკერი ბრიფინგზე 2026 წლის 16 მარტი. ბრიუსელი, ევროკომისია

16 მარტს ევროკომისიის პრესსპიკერმა შივონ მაკგარიმ ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ „პუბლიკის“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა:

„პორტის იდენტიფიკაცია მოხდა „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან მისი ინტერაქციისა და იმ შეშფოთების გამო, რომ პორტში შესული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო რუსეთის ნავთობის რეექსპორტისა და ჩვენი სანქციების დასარღვევად.

ამიტომაც მიიღო ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებისგან დაპირება, რომ მოქმედებები, რომლებიც ევროკავშირს აშფოთებდა, შეწყდებოდა. შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაგვპირდა, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთი გემი არ იქნებოდა დაშვებული საქართველოს პორტებში. ჩვენ აგრეთვე მივიღეთ დამატებითი დაპირება „სოკარისგან“, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიისგან, რომლის მიერაც ხდება ამ პორტის ოპერირება. ასე რომ, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყველა სანქციასა და სანქციებისთვის შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევებსა და დაპირებების შესრულებას, არ მოვერიდებით შემდგომი ზომების მიღებას, თუკი დავინახავთ, რომ აქტორები აქტიურად უთხრიან ძირს ჩვენი სანქციების ეფექტს.

ასე რომ, როგორც გასულ კვირაში განვაცხადე, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გულდასმით გავაგრძელებთ დაკვირვებას ამის პრაქტიკულ განხორციელებაზე”.

ამის შემდეგ, ჟურნალისტმა დასვა დამაზუსტებელი შეკითხვა: „როცა ამბობთ „რეექსპორტს“, გულისხმობთ, რომ რუსეთის ნავთობი შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ისინი მას ხელახლა ყიდდნენ, როგორც ქართულ ნავთობს - ამას გულისხმობთ?“

ევროკომისიის პრესსპიკერის პასუხი: „არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ასე ხდებოდა - ხორციელდებოდა ნავთობის რეექსპორტი ევროკავშირში”.

16 მარტს რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - ყულევის პორტის ევროკავშირის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში მოხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა 2026 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობის 401%-ით ზრდას იმ ფონზე, რომ საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

„არის კონკრეტული შემთხვევა: ქარხანა არ არსებობდა და ქარხანა არსებობს. რაც შეეხება ნავთობის გადამუშავებას, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. აუცილებელი არ არის ქვეყანა იყოს თვითონ ნავთობის მომპოვებელი. [ის] შეიძლება ამუშავებდეს ნავთობპროდუქტებს, რაც ხდება ჩვენს შემთხვევაში. რაც შეეხება კონკრეტულად ყულევს, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა. ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა ქართულმა მხარემ ევროკავშირის წინაშე. ...ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება: სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო არ გამოიყენება და ვართ ერთგული ამ პრინციპის. ეს არის მთავარი და დანარჩენი ყველაფერი არის ეკონომიკური აქტივობები, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური“.

10 მარტს რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხა - რა საჭირო იყო ევროკავშირის წინაშე დამატებითი ვალდებულების აღება საქართველოს მიერ, თუკი ყველაფერი იყო წესრიგში, ბოჭორიშვილმა განაცხადა:

„არანაირი დამატებითი ვალდებულება არ არსებობს. მიესალმებიან იმას, რაც არსებობდა ამდენი ხნის განმავლობაში, რასაც საქართველო პირნათლად ასრულებს და ერთადერთი, რაც იყო ევროკომისიასთან კომუნიკაციის შინაარსი, გახლდათ ის, რომ ჩვენ გვაინტერესებდა თუ რა იყო [სანქცირების - რ.თ.] საფუძვლები. ასეთი საფუძვლები ვერ იქნა წარმოდგენილი. არანაირი საფუძველი ევროკომისიას, არავის, ვინც ლობირებდა, ასე ვთქვათ, ყულევის ამ სასანქციო პაკეტში ჩადებას, არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს საკითხი ვერ იქნა წინ წაწეული და ბუნებრივია, ის ამოღებული იქნა პაკეტიდან“.

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებზე დევიდ ო’სალივანი 5 მარტით დათარიღებულ წერილში მაკა ბოჭორიშვილს წერს:

"საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG