ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები, თავიდან აიცილონ დაძაბული ვითარების შემდგომი ესკალაცია და რეგიონული არეულობა, რაც უფრო მეტ ზეგავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ძიანმა 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე და ამგვარად პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, რომელიც მას სააგენტო „ანადოლუს“ ჟურნალისტმა დაუსვა ტრამპის ინიციატივაზე ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების ესკორტის კოალიციის შექმნის შესახებ.
ტრამპი ესკორტის შესაძლო კოალიციაში ჩინეთსაც მოიაზრებს, საფრანგეთის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და სამხრეთ კორეის გვერდით. ლინ ძიანმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა ვითარებამ დიდი „დარტყმა მიაყენა გლობალურ ენერგოუსაფრთხოებას“ და, რომ „ვითარების დეესკალაციისთვის“ პეკინი ელაპარაკება „შესაბამის მხარეებს“. მან თავი აარიდა პასუხს ბიბისის შეკითხვაზე, რომელიც ირანის წინააღმდეგ ომის შემდგომი გაგრძელების პირობებზე, ჩინეთის ენერგორესურსებით მომარაგებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას შეეხებოდა.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს ორშაბათის ბრიფინგზე სთხოვეს აგრეთვე დაეზუსტებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართ ჩინეთის მიერ 2020 წელს დაწესებული სანქციის სტატუსი, ანუ შეუძლია თუ არა რუბიოს ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო ვიზიტისას თან ახლდეს მას. ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერის პასუხი:
„სანქციების სამიზნე იყო ბატონი რუბიოს მიერ მისი სენატორობისას ჩინეთის შესახებ ნათქვამი და ნამოქმედარი“.
სანამ თავად პრეზიდენტი ტრამპი განაცხადებდა, 16 მარტს Axios-მა დაწერა, რომ ის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ქვეყნების კოალიციის შექმნაზე მუშაობს. ორშაბათს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა ესკორტის კოალიციის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. მან უკმაყოფილება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის ყოყმანის გამო: „ვფიქრობ, ისინი ჩაერთვებიან, მაგრამ ისინი უნდა ერთვებოდნენ ენთუზიაზმით. ჩვენ ამ ქვეყნებს წლების განმავლობაში ვიცავდით ნატოს ფარგლებში“. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც კვირას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი ორშაბათს განაცხადა, რომ არ აპირებს სპარსეთის ყურის საზღვაო მისიაში მონაწილეობის მიღებას.
მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.
ფორუმი