16 მარტს, გვიან ღამით გამოქვეყნებული განცხადება, რომელსაც ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მეჰდი თაჯს მიეწერება, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე პასუხია. ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს არ შეუძლია გუნდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან ორ ქვეყანას ომი აქვს და შესაძლოა, ირანი - მიუხედავად იმისა, რომ ის მიესალმება ირანელ ფეხბურთელებს - შინ დარჩეს.
„როდესაც ტრამპმა ცალსახად განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ირანის ეროვნული ნაკრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენ ნამდვილად არ გავემგზავრებით ამერიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში. - „ამჟამად FIFA-სთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის მატჩების მექსიკაში ჩასატარებლად“.
ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა ერთად ემზადებიან 11 ივნისიდან 19 ივლისამდე დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. მატჩების უმეტესობა აშშ-ში უნდა ჩატარდეს. ირანის გუნდი ამჟამინდელი განრიგით, ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ბელგიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს ლოს-ანჯელესში, ხოლო ეგვიპტეს სიეტლში ეთამაშება.
ფიფას წარმომადგენელმა The Athletic-ს განუცხადა, რომ მატჩები განრიგის მიხედვით ჩატარდება.
„ფიფას რეგულარული კავშირი აქვს ყველა მონაწილე წევრთან, მათ შორის ირანის ფეხბურთის ფედერაციასთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაგეგმვის განსახილველად“, - განაცხადა წარმომადგენელმა. - „ფიფა მოუთმენლად ელის ყველა გუნდის მონაწილეობას 2025 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებული მატჩების გრაფიკის შესაბამისად“.
ახალი ზელანდიის ფეხბურთის ფედერაციამ The Athletic-ს განუცხადა, რომ ეროვნული ნაკრები „ემზადება ირანთან ლოს-ანჯელესში გახსნაზე სათამაშოდ და გააგრძელებს დაგეგმვას მანამ, სანამ სხვა ინფორმაციას არ მივიღებთ“.
ირანი ცდილობს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი მატჩების ლოს-ანჯელესიდან და სიეტლიდან მექსიკაში გადატანას
ირანს სურს, რომ FIFA-მ ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები აშშ-დან მექსიკაში გადაიტანოს. ეს ინფორმაცია მექსიკაში ირანის საელჩოს X-ანგარიშის მიხედვით გავრცელდა.
ფორუმი