Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ომბუდსმენი სუსის გამოძიების ფარგლებში სასამართლოში გამოჰკითხეს

„ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა“ - თქვა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა“ - თქვა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი 2012-17 წლებში.

„ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა“, - განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

  • ის 17 მარტს გამოიძახეს სუსში. წინა დღეს მას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ „აგენტი“ უწოდა;
  • ნანუაშვილის თქმით, სუსის გამომძიებელმა განუცხადა, რომ დაბარებულია მოწმის სტატუსით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო.

„მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევა“

ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა „გაუთქმელობას“, რაც ნიშნავს, რომ ვერ გაამხელს, რა კითხვები დაუსვეს და რა უპასუხა.

თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს გამოძიება წარმოადგენს „ეუთოს მექანიზმთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევას“.

ნანუაშვილმა, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI-ის) ხელმძღვანელია, რადიო თავისუფლებას 17 მარტს განუცხადა:

  • „საუბარი არის იმაზე, რომ დაწყებულია გამოძიება და მოწმის სტატუსით ვარ დაბარებული მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით“.

საქართველოს ხელისუფლებამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ანგარიშის ავტორთან ითანამშრომლა.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მიიღეს 1991 წელს. მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის მე-6 პუნქტის თანახმად:

  • „მიმწვევი სახელმწიფო სრულად ითანამშრომლებს ექსპერტთა მისიასთან და ხელს შეუწყობს მის მუშაობას.
  • იგი მისცემს მისიას ყველა საჭირო შესაძლებლობებს მისი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის.
  • სხვა საკითხებთან ერთად, იგი საშუალებას მისცემს მისიას, თავისი ამოცანების შესასრულებლად, დაუყოვნებლივ შევიდეს მის ტერიტორიაზე, გამართოს დისკუსიები და თავისუფლად იმოძრაოს იქ, თავისუფლად შეხვდეს ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნებისმიერ ჯგუფს ან პირს, ვისგანაც სურს ინფორმაციის მიღება“.

მე კოორდინაცია არ გამიწევია ექსპერტებისთვის. მე მივიღე კითხვა და დავეხმარე ექსპერტს. ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის ვალდებულება. თანამშრომლობის ვალდებულება აქვთ სახელმწიფო პირებსაც, რომლებიც შეხვდნენ. მაშინ ისინიც უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

„ქაცარავას ნათქვამის შემდეგ“

ნანუაშვილმა თქვა, რომ როდესაც დღეს სუსიდან დაურეკეს, უთხრეს, რომ დაბარება დაკავშირებულია დავით ქაცარავას მიერ „ტვ პირველზე“ მის ხსენებასთან.

დავით ქაცარავა არის „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ხელმძღვანელი, რომელსაც 2024 წლის მარტში საპროტესტო აქციებისას სასტიკად სცემეს სამართალდამცავებმა.

მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და პოლიციას მიმართავდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით - ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.

დავით ქაცარავა აქციაზე პოლიციელების დაკავების შემდეგ, 2024 წლის 14 მარტი
დავით ქაცარავა აქციაზე პოლიციელების დაკავების შემდეგ, 2024 წლის 14 მარტი

მან 2026 წლის 15 მარტს ტვ პირველის ეთერში - განაცხადა:

„მე მქონდა ერთ ეტაპზე საუბარი უჩა ნანუაშვილთან, რომელმაც მითხრა, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოხდებოდა ჩემი გამოკითხვა, თუმცა, შემდეგ არავინ დამკავშირებია“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში მოხვდა სამართალდამცველთა მიერ დემონსტრანტებზე ძალადობისა და დაკავებისას ძალის გადამეტების არაერთი შემთხვევა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG