ისრაელმა კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, გასულ ღამით ავიადარტყმის შედეგად თეირანში მოკლულია ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხათიბი.
- ესმაილ ხათიბი ირანის დაზვერვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა და აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 2026 წლის 28 თებერვალს მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ ითვლებოდა.
განახლება: ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დაადასტურა დაზვერვის მინისტრ ესმაილ ხათიბის სიკვდილი.
გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დღეს, 18 მარტს განაცხადა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის არმიას მისცეს დამატებითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის უფლება.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებულია ათეულობით ირანელი მაღალჩინოსანი.
17 მარტს ირანმა დაადასტურა, რომ მოკლულია უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ალი ლარიჯანიც. მანამდე ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.
ფორუმი