Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდი ირანში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ნაწილმა თავშესაფრის მოთხოვნა უკან გამოიტანა

ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდი ფილიპინების ნაკრებთან მატჩის წინ. 8 მარტი, 2026 წელი
ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდი ფილიპინების ნაკრებთან მატჩის წინ. 8 მარტი, 2026 წელი

ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდმა 18 მარტს ირან-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და სამშობლოში დაბრუნდა.

მანამდე გუნდის ხუთმა წევრმა უკან გამოიტანა ავსტრალიაში თავშესაფრის მოთხოვნა.

ავსტრალიამ ჰუმანიტარული ვიზები მისცა ექვს მოთამაშეს და გუნდის ერთ დამხმარე წევრს თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, რადგან ითქვა, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში მათ შესაძლო დევნა ემუქრებოდათ.

მათი უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება გაჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოთამაშემ, როცა ირანის წინააღმდეგ ომი უკვე დაწყებული იყო, 2 მარტს, ავსტრალიაში აზიის თასის ტურნირზე, სამხრეთ კორეის გუნდთან თამაშამდე, არ იმღერეს ირანის სახელმწიფო ჰიმნი.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ერთ-ერთმა მოდერატორმა მათ „ომის დროს მოღალატეები“ უწოდა.

ავსტრალიაში პირველი მატჩის გამო კრიტიკის შემდეგ, სხვა თამაშების წინ ჰიმნი იმღერეს. გავრცელდა ვარაუდი, რომ ეს მათ ზეწოლის შემდეგ გააკეთეს.

თავიდან, რამდენიმე მათგანი თითქოს თანახმა იყო თავშესაფრის მოთხოვნაზე, მაგრამ ავსტრალიაში თავშესაფრის მაძიებელთაგან ხუთმა შემდგომში გადაიფიქრა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

გუნდი სტამბოლში ჩაფრინდა, შემდეგ აღმოსავლეთ თურქეთში, იგდირში გაემგზავრა, საიდანაც მათ ავტობუსით გადაკვეთეს ირანის საზღვარი და გურბულაქის გამშვებ პუნქტზე გაიარეს პასპორტის კონტროლი.

ირანის ფეხბურთის ასოციაციამ (FFIRI) გასულ კვირას განაცხადა, რომ ისინი, ვინც გადაიფიქრა ავსტრალიაში თავშესაფრის მიღება, გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად სამშობლოში გაემგზავრებოდნენ.

ორი მოთამაშე ჯერ კიდევ ავსტრალიაშია. გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ისინი ადგილობრივ კლუბთან ერთად ვარჯიშობენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG