Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიამ თავშესაფარი მისცა ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრს

ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში მონაწილეობდა აზიის თასის გათამაშებაში
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში მონაწილეობდა აზიის თასის გათამაშებაში

ავსტრალიის მთავრობამ ჰუმანიტარული ვიზა მისცა ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრს, რომლებმაც საწვრთნელი ბაზა 9 მარტს დატოვეს და თავშესაფარი ითხოვეს.

ავსტრალიის მთავრობამ ირანელი სპორტსმენებისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება 10 მარტს გამოაცხადა.

უფლებადამცველები და გულშემატკივრები ავსტრალიის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, ქალი ფეხბურთელებისთვის თავშესაფარი მიეცა, რადგან სამშობლოში დაბრუნებულებს დასჯიდნენ იმის გამო, რომ ისლამური რესპუბლიკის ჰიმნი არ შეასრულეს. ავსტრალიას ირანელი სპორტსმენებისთვის თავშესაფრის მიცემისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიაში მონაწილეობდა აზიის თასის გათამაშებაში, რომლის პირველ მატჩში, სამხრეთ კორეის ნაკრებთან შეხვედრისას ირანელმა ფეხბურთელებმა არ შეასრულეს ისლამური სახელმწიფოს ჰიმნი. მათ საქციელს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ „უღირსობის მწვერვალი“ უწოდა, თავად ფეხბურთელებს კი - „ომის დროის მოღალატეები“.

ირანის ნაკრები ტურნირს 8 მარტს გამოეთიშა ფილიპინების ნაკრებთან დამარცხების შემდეგ და სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ხუთმა ქალმა საწვრთნელი ბაზა დატოვა და თავშესაფრის მოთხოვნა გადაწყვიტა.

მათთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემის გადაწყვეტილება 10 მარტს გამოაცხადეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ტონი ბერკმა.

ბერკმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის ამსახველი და ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრთან ერთად გადაღებული ფოტოები და დაწერა, რომ მათ შეუძლიათ ავსტრალიაში დარჩნენ, რათა უსაფრთხოდ იყვნენ და სახლი ჰქონდეთ.

ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ირანის ნაკრების საწვრთნელი ბაზა არა ხუთმა, არამედ სულ მცირე შვიდმა სპორტსმენმა დატოვა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ 10 მარტს განაცხადა, რომ მზად არიან სხვა სპორტსმენებსაც დაეხმარონ, მაგრამ მათ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ალბანეზემ დაადასტურა, რომ 9 მარტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან.

თავად დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ ხუთ ირანელ ქალ ფეხბურთელს თავშესაფარი მისცა, თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ესაუბრა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც „საკმაოდ დელიკატურ სიტუაციას" კარგად გაუმკლავდა, ხუთზე უკვე იზრუნეს და „დანარჩენი გზაშია“, თუმცა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ უნდა დაბრუნდეს, რადგან საკუთარი ოჯახების უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, მათ შორის მუქარის გამო, რომელიც ოჯახის წევრებმა მიიღეს.

  • 2026 წლის 28 თებერვლიდან ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციის პირველივე დღეს ლიკვიდირებული იყო ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
  • 2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაიწყო ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პროტესტი სასტიკად ჩაახშო. ათასობით დემონსტრანტი მოკლეს და ათეულობით ათასი დააპატიმრეს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG