ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესიას ეგზარქოს ბენიამინს გამოგზავნის, რუსეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა 19 მარტს.
მცირე ხნით ადრე საპატრიარქო ეგზარქოსმა ბენიამინმა სამძიმრის წერილი გაავრცელა ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეგზარქოს ვენიამინის სამძიმარი
„წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში“, - დაწერა მან.
„ვიზიარებ რა ქართველი ხალხის ტკივილს ამ დიდი დანაკლისის გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბელარუსის ეგზარქოსის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, მონაზონთა და ერისკაცთა სახელით, სამძიმარს ვუცხადებ და ლოცვით მხარდაჭერას აღვუთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს, სასულიერო პირებსა და ღვთისმოყვარე სამწყსოს“, - წერიას მის წერილში, რომელიც საპატრიარქო ტახის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს სახელზეა გამოგზავნილი.
კვირას, 22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვისთვის თბილისს ასევე ეწვევა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, თუმცა, - განსხვავებით წინასწარ გავრცელებული ინფორმაციისგან, - იგი ლიტურგიას არ გაუძღვება.
ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი 18 მარტს გამოაქვეყნა რუსეთის პატრიარქმა კირილემაც. „ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე“, - დაწერა მან.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აღიარებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე, როგორც წესი, ილია II-ის ოფიციალურ ტიტულს მოიხსენიებდა აფხაზეთის გარეშე.
- სამშაბათს, 17 მარტს 93 წლის ასაკში თბილისში, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
- წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
- კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
- პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.
ფორუმი