Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევა იყო

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 20 მარტს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსული დრონებით შეტევის შედეგად კომერციულ გემზე არსებული დაზიანებების ფოტო
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 20 მარტს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსული დრონებით შეტევის შედეგად კომერციულ გემზე არსებული დაზიანებების ფოტო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქი იყო.

20 მარტს დილით უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლექსი კულებამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ გასულ ღამით ოდესის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა პალაუს და ბარბადოსის დროშებით მცურავი ორი კომერციული გემი. დაშავდა ორი ადამიანი.

კულებას თანახმად, ხორბლით დატვირთული გემები დარტყმის მომენტში მისადგომებთან იმყოფებოდნენ. უკრაინის ვიცე-პრემიერს არ დაუკონკრეტებია ოდესის ოლქის რომელ პორტზე იყო დრონებით შეტევა. კულებას ინფორმაციით, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობაც.

ორი ადამიანის დაშავების და ორი გემისა და ადმინისტრაციული შენობის დაზიანების შესახებ ტელეგრამ-არხზე წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერიც. მისი ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე დაზიანებულია ხორბლის საცავიც.

კონკრეტული პორტი არც კიპერს დაუსახელებია. მის ტელეგრამ-არხზე გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობებით, საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ოდესის, იზმაილის და ბელგოროდ-დნესტრის რაიონებში. ოდესის ოლქის ამ რაიონებში პორტებია როგორც შავ ზღვაზე, ისე მდინარე დუნაიზე.

  • რუსეთის ჯარები უკრაინის ოდესის ოლქში ინტენსიურად უტევენ როგორც საპორტო, ისე ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.





ფორუმი

XS
SM
MD
LG