"დღეს დილით საფრანგეთის ფლოტმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი - Deyna. ირანში მიმდინარე ომის გამო საფრანგეთს ყურადღება არ გადააქვს უკრაინის მხარდაჭერისგან, [იქ] გრძელდება რუსეთის მხრიდან აგრესიული ომი" - წერს მაკრონი.
იუწყებიან, რომ ოპერაცია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით განხორციელდა.
Marine Traffic-ის მონაცემების თანახმად, ხომალდი მოზამბიკის დროშით დაცურავს. ტანკერმა 2026 წლის 2 იანვარს დატოვა ინდოეთის პორტი სიკა და 26 მარტს ის ეგვიპტის პორტში, საიდში უნდა ჩავიდეს. საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ხომალდი წამოვიდა რუსეთიდან, მურმანსკის პორტიდან და არის ეჭვი, რომ ის სიცრუეში შემყვანი დროშით დაცურავს. როგორც აღინიშნება, ეს დაადასტურეს ინსპექტორებმა, რომლებიც ტანკერის ბორტზე ავიდნენ.
პრეფექტურის განცხადებით, საერთაშორისო სამართლისა და მარსელის პროკურორის მოთხოვნის თანახმად, ტანკერს შემოწმების ჩასატარებლად გააჩერებენ.
ტანკერ Deyna-ს ნედლი ნავთობი გადააქვს. მასზე ვრცელდება აშშ-ის, ევროკავშირის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები.
2026 წლის იანვარში საფრანგეთმა და მოკავშირეებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს ხომალდი Grinch-ი, რომელიც თებერვალში გაუშვეს, ჯარიმის სახით "რამდენიმე მილიონი ევროს" გადახდის შემდეგ. ჯარიმა ხომალდს იმის გამო დაუწესდა, რომ მან ვერ დაასაბუთა დროშის გამოყენების მართებულობა. 2025 წლის სექტემბერში საფრანგეთის არმიამ დააკავა ტანკერი Boracay, შემდეგ ისიც გაუშვეს. ორივე ტანკერი მიიჩნევა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად - რასაც რუსეთი იყენებს ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის მიზნით.
ფორუმი