Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალებმა და კონსერვატორებმა თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი მხარდამჭერებს მიმართავს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი მხარდამჭერებს მიმართავს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ

ევროკავშირის წევრ სლოვენიაში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ხმების მიღება.

სლოვენიის 90-ადგილიანი პარლამენტის ახალი შემადგენლობის ასარჩევად 22 მარტს ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით(ხმების 99,85%-ის შეჯამებით), პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის სოციალ-ლიბერალურ პარტიას, „მოძრაობა თავისუფლება“ 28,62% აქვს, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, მემარჯვენე „დემოკრატიულ პარტიას“ - 27,95%.

მემარჯვენეთა ლიდერი, სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირე და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეების მიმდევარია.

იანშა სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2022 წელს შეცვალა გოლობმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგად სათავეში ჩაუდგა „მოძრაობა თავისუფლების“ მიერ სოციალ-დემოკრატებსა და პარტია „მემარცხენეებთან" ერთად შექმნილ კოალიციურ მთავრობას.

სლოვენიის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 46 მანდატის მიღებაა საჭირო. წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტიამ „მოძრაობა თავისუფლება“ 29 მანდატი მოიპოვა, ხოლო „დემოკრატიულმა პარტიამ“ - 28.

22 მარტის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ხუთმა პარტიამ. მათზე იქნება დამოკიდებული სლოვენიის ახალი მმართველი კოალიციის შექმნა.

  • ცენტრალური ევროპის ქვეყანამ, სლოვენიამ, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო, დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა.
  • 2004 წლიდან სლოვენია ნატოს და ევროკავშირის წევრია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG