Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გამოვიდა სავაჭრო შეთანხმების მოწოდებით

ელჩი ენდრიუ პაზდერი
ელჩი ენდრიუ პაზდერი

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში, ენდრიუ პაზდერმა, განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ცვლილებების გარეშე უნდა მოახდინოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რისკავს, დაკარგოს წვდომა გათხევადებული ბუნებრივი აირის მარაგზე „ხელსაყრელი პირობებით“. ამის შესახებ მან Financial Times-ს განუცხადა.

ევროპარლამენტი ხუთშაბათს გეგმავს კენჭისყრის გამართვას. შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის ვალდებულებას, 2028 წლის ბოლომდე შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგორესურსები შეიძინოს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს 15%-იან ტარიფს ევროკავშირის საქონლის უმეტესობაზე და ნულოვან ტარიფებს აშშ-ის ექსპორტზე ევროპაში.

პაზდერის თქმით, შეთანხმების ენერგეტიკული ასპექტი საფრთხეში აღმოჩნდება, თუ ევროკავშირი დოკუმენტში ცვლილებების შეტანას შეეცდება. „არ ვიცი, რა მოუვა ენერგეტიკას, თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. ვფიქრობ, შეერთებული შტატები კვლავაც მოისურვებს ევროპასთან ბიზნესის კეთებას, მაგრამ პირობები შეიძლება ისეთი ხელსაყრელი არ იყოს“, თქვა ელჩმა.

შეთანხმებასთან დაკავშირებული დისკუსიები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. როგორც FT აღნიშნავს, კატარი, რომელიც მსოფლიოს გათხევადებული ბუნებრივი აირის მეხუთედს აწარმოებს, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემდეგ იძულებული გახდა ექსპორტი შეეჩერებინა. ევროპა ამ გზით გადაზიდული გათხევადებული ბუნებრივი აირის მხოლოდ დაახლოებით 10 პროცენტს ყიდულობდა, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, მაგალითად იტალია, გათხევადებული ბუნებრივი აირის მესამედამდე კატარისგან იღებს.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს შორის მოლაპარაკებებზე 2025 წლის აგვისტოში. მას შემდეგ მისი რატიფიცირება გადაიდო სხვადასხვა საკითხის, მათ შორის ტრამპის მიერ გრენლანდიაში შეჭრის მუქარის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG