Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესენტი: სანქციების შემსუბუქებით რუსეთი 2 მლრდ დოლარზე მეტ შემოსავალს არ მიიღებს

სკოტ ბესენტი. პარიზი, 16 მარტი, 2026.
სკოტ ბესენტი. პარიზი, 16 მარტი, 2026.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის ნავთობის მრეწველობი წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება სინამდვილეში მოსკოვის ნავთობის შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად და არა მათ გაზრდას, როგორც ამას გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები აცხადებენ.

სანქციების შემსუბუქება 13 მარტს გამოცხადდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე.

CBS News-თან ინტერვიუში ბესენტის თქმით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანალიზის თანახმად, რუსეთი დამატებით შემოსავალს მიიღებს, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიარდი დოლარისა, რაც, როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, „რუსეთის ფედერაციის ერთი დღის ბიუჯეტს უდრის“. ბესენტმა აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქება გამოიწვევს გლობალური ნავთობის ფასების სტაბილიზაციას, რითაც შეზღუდავს მოსკოვის პოტენციურ შემოსავლებს, რომლებიც შეიძლებოდა დიდი ყოფილიყო ფასების ზრდის შემთხვევაში.

გლობალურ ბაზარზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. რუსული ნავთობი უფრო იაფია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ძვირია, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე.

13 მარტს აშშ-მა რუსული ნავთობი, რომელიც იმ დროს უკვე ზღვაში ტანკერებზე იმყოფებოდა, სანქციებისგან გაათავისუფლა. მსგავსი გადაწყვეტილება შემდგომში ირანულ ნავთობთან დაკავშირებითაც მიიღეს.

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემსუბუქება უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. მათ შეშფოთება გამოხატეს, რომ ეს რუსეთის სამხედრო შემოსავლებს გაზრდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინა დღეს აღნიშნა, რომ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა უკვე იწყებს გავლენის მოხდენას და გამოვიდა რუსეთზე, კერძოდ, მის ჩრდილოვან ფლოტზე, ზეწოლის უფრო ეფექტიანი ზომების მიღების მოწოდებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის დასრულების შემდეგ აღდგება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG