Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი კომბინირებული შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარების შეტევით გამოწვეული ნგრევა ზაპოროჟიეში(ფოტო არქივიდან)
რუსეთის ჯარების შეტევით გამოწვეული ნგრევა ზაპოროჟიეში(ფოტო არქივიდან)

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლია ზაპოროჟიეს და პოლტავის ოლქებში.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფედოროვის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული კომბინირებული შეტევის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

ფედოროვის ტელეგრამ-არხზე 24 მარტს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზიანებულია ექვსი მრავალბინიანი და ორი კერძო სახლი, არასაცხოვრებელი შენობები და სამრეწველო ობიექტი.

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა პოლტავაში. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი დიაკივნიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სასტუმრო.

განახლება: 24 მარტს დილით ხარკოვის ოლქის პროკურატურამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსული დრონით დარტყმა იყო რკინიგზის სადგურ სლატინოში გაჩერებულ სამგზავრო მატარებელზე. პროკურატურის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი მგზავრი, დაშავდნენ მემანქანე და მისი თანაშემწე.

რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის გამო საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევში.

საჰაერო განგაშის გამო ბევრმა კიეველმა გასული ღამეც მეტროში გაატარა. 2026 წლის 24 მარტი
საჰაერო განგაშის გამო ბევრმა კიეველმა გასული ღამეც მეტროში გაატარა. 2026 წლის 24 მარტი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობა 23 მარტს საღამოს გააფრთხილა, რომ რუსეთისგან მოსალოდნელია მორიგი მასირებული შეტევა.

უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ღამისთვის ამზადებს მასირებულ დარტყმას და მოქალაქეებს მოუწოდა საჰაერო განგაში უყურადღებოდ არ დატოვონ და თავს გაუფრთხილდნენ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG