„ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და ექვსი თვე მიუსაჯა [ბიძინა] ივანიშვილის სასამართლომ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა“, - განაცხადა საერთო ბრიფინგზე ალიანსის სახელით ნიკა გვარამიამ.
ალიანსი, რომლის ერთ-ერთი პრინციპია „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“, შეიკრა 2026 წლის მარტის დასაწყისში და მასში გაწევრიანდნენ პარტიები:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „ფედერალისტები“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „ახალი“
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „დროა“
- „ევროპული საქართველო“
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
- „თავისუფლების მოედანი“.
„ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც, თავის მხრივ, 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ 12 თებერვალს დატოვა საპატიმრო, თქვა:
„პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული“.
„სინამდვილეში, ცხადია, ეს საბაბია - ისევე, როგორც ფორმალური შემსრულებელია მოსამართლე არევაძე. ეს მას პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის, მაგრამ მაინც“, - თქვა მან.
განაჩენი დღეს, 24 მარტს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
„მთავარი, რისთვისაც ელენეს [პატიმრობა] მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს ბრალი. „ბრალი“ ბრჭყალებში. ქვეყნის სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ არ თმობს“, - განაცხადა გვარამიამ, - „დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი“.
„საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არგადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად, ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია, ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც, ამის ხარჯზე, არავის არაფერზე დაველაპარაკებით“, - თქვა მან.
„ლელოს“ გამოხმაურება
სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“, - რომელიც ალიანსის წევრი არ არის.
მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ამას უწოდა „პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ„ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება“ .
მისი სიტყვებით, „მაშინ, როცა პოლიტიკურ ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო, ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას, ე.წ. სასამართლო 1 წლითა და 6 თვით ციხეში, საპატიმროში უშვებს, ეს არ არის სამართალი“.
ALDE-ს გამოხმაურება
ევროპული პარტია, ევროპარლამენტის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) გმობს პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასთვის წელიწად-ნახევრით პატიმრობის მისჯას პოლიტიკური სარეკლამო ბანერის „დაზიანების“ ბრალდებით.
ALDE ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ელენესა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს“, - აცხადებს პარტია.
ALDE-ს ალიანსი ევროპაში 70-ზე მეტ წევრ პარტიას აერთიანებს, მათ შორის ელენე ხოშტარიას „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „ლელოს“.
განაჩენი - პატიმრობა
დღეს დილას, 24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, - რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული - მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, საპატიმრო ვადა მას დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
პოლიტიკოსს, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც აქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული:
- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
ფორუმი