Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემაშფოთებელია, რომ ყოფილი ომბუდსმენი დაკითხეს ეუთოს მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით - გაეროს სპეციალური მომხსენებელი

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ეხმაურება უჩა ნანუაშვილის გამოკითხვას
გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ეხმაურება უჩა ნანუაშვილის გამოკითხვას

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხვის გამო.

„გავიგე შემაშფოთებელი ამბავი, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - წერს მერი ლოულორი პლატფორმა X-ზე.

„ადამიანის უფლებათა დამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას და ანგარიშსწორებას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობის გამო“, - აცხადებს იგი.

ნანუაშვილის გამოკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოსამართლის წინაშე გასულ ოთხშაბათს, 18 მარტს გამოჰკითხეს უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი 2012-17 წლებში.

„ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა“, - განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

  • იგი 17 მარტს გამოიძახეს სუსში. წინა დღეს მას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ „აგენტი“ უწოდა;
  • ნანუაშვილის თქმით, სუსის გამომძიებელმა განუცხადა, რომ დაბარებულია მოწმის სტატუსით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო.

ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა „გაუთქმელობას“, რაც ნიშნავს, რომ ვერ გაამხელს, რა კითხვები დაუსვეს და რა უპასუხა.

თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს გამოძიება წარმოადგენს „ეუთოს მექანიზმთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევას“.

„მოსკოვის მექანიზმი“ - რა წერია სადამფუძნებლო დოკუმენტში

საქართველოს ხელისუფლებამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ანგარიშის ავტორთან ითანამშრომლა.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მიიღეს 1991 წელს. მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის მე-6 პუნქტის თანახმად:

  • „მიმწვევი სახელმწიფო სრულად ითანამშრომლებს ექსპერტთა მისიასთან და ხელს შეუწყობს მის მუშაობას.
  • იგი მისცემს მისიას ყველა საჭირო შესაძლებლობებს მისი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის.
  • სხვა საკითხებთან ერთად, იგი საშუალებას მისცემს მისიას, თავისი ამოცანების შესასრულებლად, დაუყოვნებლივ შევიდეს მის ტერიტორიაზე, გამართოს დისკუსიები და თავისუფლად იმოძრაოს იქ, თავისუფლად შეხვდეს ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნებისმიერ ჯგუფს ან პირს, ვისგანაც სურს ინფორმაციის მიღება“.

მე კოორდინაცია არ გამიწევია ექსპერტებისთვის. მე მივიღე კითხვა და დავეხმარე ექსპერტს. ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის ვალდებულება. თანამშრომლობის ვალდებულება აქვთ სახელმწიფო პირებსაც, რომლებიც შეხვდნენ. მაშინ ისინიც უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა გასულ ოთხშაბათს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით 2026 წლის დასაწყისში ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა.

ანგარიში მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში მოხვდა სამართალდამცველთა მიერ დემონსტრანტებზე ძალადობისა და დაკავებისას ძალის გადამეტების არაერთი შემთხვევა.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა 16 მარტს ბრიფინგზე წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით;
  • პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანგარიში შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG