რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ხომასურიძე ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა კრწანისის ტყისკენ, სასაფლაოებისკენ წაიყვანეს და იქ დატოვეს.
- რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ის პრესცენტრს ხომასურიძის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
- ის ამ დღეებში სხვა მსგავს ინციდენტშიც ფიგურირებდა: რადიო თავისუფლებას კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისას გადაღებული აქვს, როგორ განარიდებენ სამების ტერიტორიას სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირები ხომასურიძეს.
სათქმელი: „შეწყდეს კოჰაბიტაცია“
დღეს, 25 მარტს, ნაშუადღევს, - როდესაც სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პარაკლისის გადახდის შემდეგ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მსახურებას აღასრულებდა, - ხომასურიძემ დაიძახა:
„შენდობას ვითხოვ, მეუფეო! დროა, ხელისუფლებამ პასუხი აგოს, რომ აქამდე მიიყვანა საქმე“.
ამ დროს ეკლესიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდნენ.
ხომასურიძეს მაშინვე დაატოვებინეს ტაძარი, რის შემდეგაც ტერიტორიას გაარიდეს.
მოგვიანებით, დაახლოებით 17:00 საათისთვის, რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში ხომასურიძემ თქვა, რომ ტაძარში მისი სათქმელი იყო: „შეწყდეს კოჰაბიტაცია“.
კოჰაბიტაციას უწოდებენ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არსებულ ვითარებას.
ამჟამად ოპოზიცია საუბრობს მიზანმიმართულ, სისტემურ დევნაზე ხელისუფლების მხრიდან. არაერთი პოლიტიკური ლიდერი პატიმრობაშია, ან სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშეა.
„ოპოზიციის აქტივისტი“?
მისი თქმითვე, კრიტიკა „ორივე ხელისუფლებას“ მიემართებოდა, - როგორც წინა. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას, ისე „ქართულ ოცნებას“.
- ხომასურიძის თქმით, 2009 წელს მან ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე პოლიციელთა ძალადობის შედეგად თვალი დაკარგა, რის გამოც დაპირისპირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“;
- პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ სიონში ინციდენტის შემდეგ ხომასურიძეს უწოდა „ოპოზიციის აქტივისტი“, რომელიც „მათ დავალებებს ასრულებს“;
- „აი, მაგაშია საქმე, რომ მე ეგრე მიწოდებენ, არ მაშუქებენ“, - თქვა ხომასურიძემ და ამაზე პასუხად განაცხადა, რომ არავის ინტერესებს არ ატარებს.
„მე სიმართლეს ვეძებ და ვინც კი დაარღვევს... ახლა, ბევრ რაღაცეებში შეიძლება მე ვეთანხმები დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ტყუილი“, - თქვა მან.
„პატრიარქის წინააღმდეგ“
იგი ამბობს, რომ მიაჩნია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას.
„მიმდინარეობს ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა... პატრიარქის წინააღმდეგ მიდიან... მე შვიდი წლის წინ თმები გადავიპარსე პარლამენტში, სადაც გავაფრთხილე, ნუ აძლევთ-მეთქი ამ დესტრუქციულ ძალებს პატრიარქის შეურაცხყოფის, მოწამვლის უფლებას“, - თქვა მან.
„მე აქ ვამხელ ვატიკანის აგენტებს, სოზარ სუბარს და მაგათ“, - განაცხადა ხომასურიძემ.
სოზარ სუბარი 2014-18 წლებში იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; 2020 წლიდან პარლამენტში გადავიდა, 2024 წელს კი „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერი გახდა. ის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მოკავშირეა, რომელიც აკრიტიკებს დასავლეთს.
კითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა იგი მიტროპოლიტ შიო მუჯირს, ხომასურიძემ თქვა:
„მე პატივს ვცემ მეუფე შიოს. როგორი გადაწყვეტილებაც იქნება [ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით“, მე დიდ პატივს ვცემ“.
ირაკლი ხომასურიძე ხშირად ჩნდება აქციებზე, მათ შორის ოპოზიციურ აქციებზე, თუმცა ამ აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გამოდის.
- ხომასურიძე 2022 წელს დაუპირისპირდა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს. მისი თქმით, ინციდენტი დავით ბერძენიშვილის ძმის, ლევან ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორეზე გამოთქმული მოსაზრების გამო დაიწყო.
- ბერძენიშვილისა და სამნიძის პოზიციის გათვალისწინებით, რომ ხომასურიძე წინასწარი პატიმრობიდან გამოეშვათ, ის სასამართლოდან გაათავისუფლეს.
ხომასურიძე მონაწილეობდა 2019 წელს ქართულ-შვედური ქვიარ-თემატიკის ფილმის, რეჟისორ ლევან აკინის დრამის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, პრემიერის წინააღმდეგ გამართულ აქციებშიც.
კვირას, 2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.
ოთხშაბათს, 25 მარტს ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში ჩატარდა მსახურება, რომელსაც მიტროპოლიტი შიო მუჯირი ხელმძღვანელობდა.
ფორუმი