Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე პატრიარქის პანაშვიდზე ოპოზიციის მიწვევაზე: როგორც სამოქალაქო პირებს შეეძლოთ შესვლა

ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან და მის ცოლთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდის დროს.
ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან და მის ცოლთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდის დროს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ფარისევლობას უწოდებს მისი ოპონენტების სურვილს, დასწრებოდნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდს. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ მათ შეეძლოთ იქ შესვლა „როგორც სამოქალაქო პირებს“.

„დაკრძალვის დღესაც იყო უწყვეტი ნაკადი - შესაბამისად, თუ ვინმეს სურდა სამების ტაძარში შემოსვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ამის შესაძლებლობა...

საუბარია, არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომელთაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი. ფორმალური სახითაც მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად... მე ვფიქრობ, რომ მორალური თვალსაზრისით არ ჰქონდათ ამ ადამიანებს მაინცდამაინც მყარი უფლება ყოფილიყვნენ სამების ტაძარში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელიც იყო დამკრძალავი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს ამ ღონისძიებაზე ყოფილი პრეზიდენტები და ოპოზიციონერები, მან ასე უპასუხა:

„იქ დამსწრე ადამიანები იყვნენ ხელისუფლების თანამდებობის პირები. უმეტესად სასულიერო პირები. იყვნენ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები.

იყო როგორც ოპოზიცია, ისე პოზიცია - მათ შორის, მთელი ფრაქციით იყო მიწვეული ბოლოს შემოერთებული გახარიას პარტია [„გახარია საქართველოსთვის“]. არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა საზოგადოების სეგრეგაცია“.

ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის 22 მარტს დაკრძალეს სიონის საკათედრო ტაძარში. სამოქალაქო პანაშვიდებზე მას ასიათასობით ადამიანმა მიაგო მას პატივი, მათი დიდი ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა რიგში.

პატრიარქის პანაშვიდზე ყოფნის სურვილს გამოთქვამდა საქართველოს მესამე და მეხუთე პრეზიდენტები. მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროშია, მეხუთე პრეზიდენტი კი არ მიიწვიეს.

სამოქალაქო პანაშვიდების დროს სამთავრობო გუნდთან ერთად იდგა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები. ისინი დღეს არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში რაიმე პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG