ჩეხეთის პოლიციის მიერ დღეს, 27 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას გასული საღამოდან იძიებენ და სხვისი ქონების დაზიანებაში ეჭვმიტანილებს ეძებენ.
სოციალურ ქსელ X-ში პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობას თან ახლავს შენობის დაზიანების ამსახველი ფოტოები.
პრაღაში „რუსული სახლის“ ხელმძღვანელმა იგორ გირენკომ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ 27 მარტს განუცხადა, რომ არ აფეთქდა ექვსიდან სამი „მოლოტოვის კოქტეილი“, რომლებიც უშუალოდ შენობაში შეაგდეს და „რთულია იმის წარმოდგენა, როგორი იქნებოდა შედეგები, ამ არაადამიანების ჩანაფიქრი რომ შესრულებულიყო“.
გირენკო მიიჩნევს, რომ თავდასხმის დრო შემთხვევით არ აურჩევიათ, რადგან დღეს, 27 მარტს დაგეგმილი იყო „რუსული კულტურის დღეების დასკვნითი ღონისძიება".
- უცხოეთის ქვეყნებში მოქმედი „რუსული სახლები“ რუსეთის ფედერალური სააგენტოს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ სისტემის ნაწილია.
- სააგენტოს ოფიციალურ საიტზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“. ფედერალური სააგენტოს თანახმად, მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 80-ზე მეტი წარმომადგენლობა აქვთ.
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიუხედავად ბევრ ქვეყანაში „რუსული სახლები“ არ დაუხურავთ, რადგან, როგორც წესი, მათი საქმიანობა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით რეგულირდება.
აქტივისტები და გამომძიებელი ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გარდა „რუსული სახლების“ საქმიანობა მიმართულია კრემლის ნარატივების გასავრცელებლად, მათ შორის უკრაინაში ომის შესახებ.
ფორუმი