Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და საუდის არაბეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

27 მარტს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ-საუდმა ქალაქ ჯიდაში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის
27 მარტს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ-საუდმა ქალაქ ჯიდაში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის

უკრაინამ და საუდის არაბეთმა გააფორმეს შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. თავდაცვის სამინისტროებმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საუდის არაბეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას.

დღეს, 27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მისი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ-საუდის შეხვედრის დაწყებამდე ხელმოწერილი დოკუმენტი ქმნის საფუძველს ახალი კონტრაქტების, ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და ინვესტიციებისთვის და აძლიერებს უკრაინის, როგორც უსაფრთხოების დონორის საერთაშორისო როლს.

ზელენსკის განცხადებით, მეხუთე წელია უკრაინელები ებრძვიან ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით ისეთივე შეტევებს (რუსეთიდან), როგორსაც ახლა ირანი ახორციელებს ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში და უკრაინა მზად არის საუდის არაბეთს გაუზიაროს თავისი სისტემები და საექსპერტო ცოდნა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუდის არაბეთსაც აქვს ის, რითაც უკრაინაა დაინტერესებული, ამიტომ თანამშრომლობა შესაძლოა, ურთიერთმომგებიანი იყოს.

სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. უკრაინამ რეგიონის ქვეყნებში გაგზავნა სპეციალისტები და დრონების დამჭერი აპარატები. თავად უკრაინა დახმარებას ითხოვს, პირველ ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, რუსეთის მხრიდან ირანის დახმარება, საწვავის ბაზრებზე შექმნილი სიტუაცია და ენერგეტიკის სფეროში შესაძლო თანამშრომლობა.

შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა.

პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებსაც, რომლებიც საუდის არაბეთში იმყოფებიან საჰაერო სივრცის დასაცავად დახმარების გასაწევად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG