Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკო რუბიო “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე საფრანგეთში: შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ირანში სახმელეთო ჯარების შეყვანის გარეშე

მარკო რუბიო “დიდი შვიდეულის” (G7) შეხვედრაზე საფრანგეთში ჩავიდა
მარკო რუბიო “დიდი შვიდეულის” (G7) შეხვედრაზე საფრანგეთში ჩავიდა

27 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო “დიდი შვიდეულის” (G7) ორდღიან შეხვედრას შეუერთდა ვო-დე-სერნეიში, პარიზის მახლობლად.

დასავლური დემოკრატიების წამყვანი მინისტრების შეკრება ირანსა და უკრაინაში ომების, ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე მიმდინარეობს.


რუბიომ კმაყოფილება გამოთქვა G7-ის შეხვედრით. მან განაცხადა, რომ
მოველით, ირანის ოპერაცია შესაბამის დროს დასრულდება, ჩვენ კვირების, და არა თვეების, შესახებ ვსაუბრობთ. მან თქვა, რომ აშშ-ს შეუძლია მიზნებს ირანში სახმელეთო ჯარების შეყვანის გარეშე მიაღწიოს.

რუბიოს თანახმად, ირანმა შესაძლოა, ჰორმუზის სრუტეზე სატრანზიტო სისტემის დაწესება გადაწყვიტოს.
რუბიომ G7-ზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთგულია ცეცხლის შეწყვეტისა - რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისა.

მინისტრები სხვათა შორის განიხილავენ ჰორმუზის სრუტის თემას, რომელიც ირანმა ჩაკეტა და ამას კი, ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი მატება მოჰყვა.

შეხვედრაზე ისაუბრებენ ირანისთვის რუსეთის შესაძლო დახმარების გარშემოც, რის თაობაზე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია და რასაც ევროპელი პოლიტიკოსებიც ამტკიცებენ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა შეშფოთება გამოხატა რუსეთსა და ირანს შორის კავშირის გამო, რისი მაგალითიც ირანის მიერ მოსკოვისთვის დრონების მიწოდება იყო, ისინი “მონაწილეობდნენ უკრაინის კონფლიქტში“, - განაცხადა კუპერმა.

„ასევე ვნახეთ რუსეთის მიერ ირანის მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში“, - განუცხადა კუპერმა ჟურნალისტებს პარიზის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე. „როგორც “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, გავერთიანდეთ ამ საკითხების განსახილველად“.

წინა დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი „ეხმარება ირანს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში ამერიკელების დასაბომბად, ამერიკელების მოსაკლავად“ და უჭერს მხარს თეირანს დრონებით, რათა მას შეეძლოს მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა.

ევროპაში გამგზავრებამდე, რუბიომ, როგორც ჩანს, შეარბილა შეშფოთება მოსკოვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ.

„მე მგონია, რუსეთი ძირითადად იმ ომზეა კონცენტრირებული, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ამის გარდა, ამჟამად დასამატებელი არაფერი მაქვს“, - თქვა მან.

თვითონ რუსეთი უარყოფს ირანისთვის დაზვერვის მონაცემების გაზიარების ბრალდებებს.

Reuters-თან საუბრისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ ორი კონფლიქტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ კიევი ჯერ კიდევ ცდილობს ზუსტად განსაზღვროს, თუ რა დახმარებას უწევდა რუსეთი ირანს, ისინი თვლიან, რომ ეს იყო დაზვერვა, სავარაუდოდ, სათადარიგო ნაწილები და დრონები. „ჩვენ გვაქვს ყველა ეს დაზვერვის მონაცემი, რომ რუსეთმა დაიწყო დაზვერვის მონაცემების და ასევე იარაღის მიწოდება ირანისთვის“, - თქვა მან.

France 2-ის ტელევიზიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის მიერ სადაზვერვო მონაცემების გაზიარების ბრალდებების უარყოფა.

„მივაწოდეთ ირანს სამხედრო აღჭურვილობა, მაგრამ ვერ შევეგუებით ჩვენს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, რომ ჩვენ ირანს სადაზვერვო ინფორმაციას ვაწვდით“, - თქვა მან, France 2-ის მიერ მისი განცხადების თარგმანის მიხედვით.

Reuters-ის თანახმად, ორმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მინისტრები რუსეთ-ირანის თანამშრომლობის საკითხის წამოწევას ისახავდნენ მიზნად G7-ის შეხვედრაზე იმ იმედით, რომ აშშ-ის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას მიაღწიონ.
ვაშინგტონის პარტნიორები ასევე იმედოვნებენ, რომ უფრო მეტ სიცხადეს მიიღებენ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით და იმის შესახებ, არსებობს თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი დიპლომატიური გზა კონფლიქტის დასასრულებლად.


მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა 28 თებერვალს დაიწყეს ირანის ქალაქების და სამხედრო ობიექტების დაბომბვა, ირანმა საპასუხო დარტყმები მიაყენა ისრაელს, ასევე აშშ-ის ბაზებს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების წინააღმდეგ, ასევე გადაკეტა ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის ექსპორტი ჰორმუზის სრუტის გავლით.

ორდღიან შეხვედრაში ევროკავშირის გარდა, მონაწილეობას იღებენ “დიდი შვიდეულის” წევრების -აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიის, კანადის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG