Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დაასაფლავეს ჩეჩნეთიდან გაქცეული ქალი

აიშატ ბაიმურადოვას საფლავი
აიშატ ბაიმურადოვას საფლავი

სომხეთის დედაქალაქში, ერევანში გაიმართა აიშატ ბაიმურადოვასთან დამშვიდობების ცერემონია და დაკრძალვა. ის ჩეჩნეთიდან მუქარისა და ძალადობის გამო გაიქცა და, სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა ერევანში.

დამშვიდობებისა და დაკრძალვის ფოტოები გამოცემა "Вот Так"-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ბაიმურადოვასთან გამოსამშვიდობებლად ათობით ადამიანი მივიდა.

ადამიანის უფლებათა დამცველებმა დაკრძალვის დრო და ადგილი მხოლოდ წინა საღამოს გამოაცხადეს. დაკრძალვაზე იყვნენ გარდაცვლილის ნაცნობები, ასევე აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვები, რომლებმაც მისი ამბის შესახებ შეიტყვეს.

ბაიმურადოვას ცხედარი 19 ოქტომბერს, ერევნის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. ის მორგში ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, დაკრძალვისთვის მისი გადაცემა მხოლოდ ნათესავებისთვის იყო შესაძლებელი, თუმცა მათ პასუხი არ გაუციათ მოთხოვნებზე. ამ ხნის განმავლობაში, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები ორჯერ დაუკავშირდნენ რუსეთს ნათესავების ინფორმირების მიზნით, თუმცა, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ ნეშტის წასაღებად ჯერ არავინ გამოცხადებულა.

კრიზისული ჯგუფი "СK SOS"-ის ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც ბაიმურადოვას ჩეჩნეთიდან გაქცევის შემდეგ ეხმარებოდნენ, არაერთხელ გამოვიდნენ აიშატის ნეშტის ოჯახის წევრებისთვის გადაცემის მოთხოვნით. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ხელისუფლება დათანხმდა დაკრძალვის ხარჯების გადახდასა და მისი ცხედრის მეგობრებისთვის გადაცემას დასაკრძალად.

ბაიმურადოვამ მოხალისეებს დახმარებით მიმართა არაუგვიანეს 2024 წლის იანვრისა. ის ოჯახში ძალადობის შესახებ ჩიოდა. მან დახმარება მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებთან მომუშავე, სულ ცოტა, ორი დამოუკიდებელი კრიზისული ჯგუფისგან: "СK SOS"-ისა და "Марем"-ისგან. მან სომხეთში გამგზავრება მოახერხა.

სომხეთის პოლიცია ეჭვმიტანილად რუსეთის ორი მოქალაქეს მიიჩნევს: ისინი „ჯერჯერობით დაუდგენელი პირის“ მითითებით მოქმედებენ. პოლიციამ სათვალთვალო კამერების მიხედვით დაადგინა, რომ მკვლელობის ღამეს ბაიმურადოვას ბინიდან გამოვიდა ორი ადამიანი - კარინა იმინოვა და ჩეჩნეთის მკვიდრი, საიდ-ხამზათ ბაისაროვი.
ბაისაროვი ნასამართლევი იყო ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე, თუმცა 2019 წელს მას ყველა ბრალდება მოუხსნეს.

ორივემ დატოვა სომხეთი იმავე დღეს. მათზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სიკვდილის მიზეზი მექანიკური გაგუდვა იყო. სხეულზე ასევე აღმოჩენილი იყო მრავლობითი სისხლჩაქცევები და ბლაგვი საგნებით მიყენებული ტრავმების კვალი, იტყობინება "Вот Так"-ი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG