Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაია კალასსა და ევროკავშირის მინისტრებს კიევში ელიან

უკრაინა ბუჩის ტრაგედიის მეოთხე წლისთავს აღნიშნავს.
უკრაინა ბუჩის ტრაგედიის მეოთხე წლისთავს აღნიშნავს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩასასვლელად ემზადებიან.

“მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. ჩვენ ჩამოვალთ მიზანდასახულები და ერთიანები უკრაინის მხარდაჭერის გარშემო, განსაკუთრებით - როცა ჩვენ ვიხსენებთ ბუჩაში რუსეთის საშინელი სისასტიკის მეოთხე წლისთავს.

და მკაფიო მესიჯით: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. ანგარიშვალდებულება უმნიშვნელოვანესია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად”, - სწერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სოციალურ პლატფორმა X-ზე.

კალასი აზიარებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მითითებულია, რომ 31 მარტს, უკრაინის დედაქალაქში, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მინისტრების წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავა. განცხადების თანახმად, „ბუჩის ჟლეტის“ კიდევ ერთი წლისთავის აღნიშვნას თან ახლავს აუცილებლობა - სათანადო პასუხი აგოს რუსეთმა, რაზეც საუბარი იქნება კიევში.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას, რუსეთზე ზეწოლასა და მცდელობებს, მშვიდობის მისაღწევად და ევროპაში ხანგრძლივი სტაბილურობის დასაცავად“, - სიბიჰა მადლობას უხდის კაია კალასსა და ევროპელ მინისტრებს კიევის მიწვევის მიღებისთვის.

  • 2022 წელს რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ, ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მრავალი ცხედარი აღმოაჩინეს. გადარჩენილი თვითმხილველები ჰყვებოდნენ საშინელ ამბებს - რუსეთის სამხედროების მიერ მოქალაქეთა მასობრივი მკვლელობის, წამებისა და ყაჩაღობის შემთხვევებზე. ბუჩა კიევიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
  • რუსულმა მხარემ უარყო თავისი არმიის მონაწილეობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და კიევი ინსცენირებაში დაადანაშაულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG