ისინი მოითხოვენ, გაუქმდეს მთავრობის მიერ, თებერვალში მიღებულ განკარგულებაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აიკრძალა სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება".
მთავრობის 412-ე განკარგულება, რომელსაც 2026 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას" მოიცავს. მასში არსებული ჩანაწერები, კონკრეტულად კი მესამე მუხლის მესამე პუნქტი, ცხოველთა უფლებების დამცველების კრიტიკის საგანი გახდა.
„ამბობენ, რომ ძაღლები გადაჰყავთ სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით. კი ბატონო, გადაიყვანეთ, გაუკეთეთ, შემდეგ ხომ უნდა დააბრუნო ძაღლი კვლავ თავის ლოკაციაზე. მაგრამ აღარ აბრუნებენ. ისმის კითხვა, სად გადაგყავთ? ჩვენი დიდი ეჭვია, რომ ხდება მათი ევთანაზია, ან დაუსახლებელ პუნქტებში, მაგალითად, ტყესთან ახლოს გადაყვანა, სადაც ისინი იქცევიან მგლების და ტურების საჭმელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაია კალანდაძე.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ შეხვედრას ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან.
„უკვე დავწერეთ წერილი მერიაში, ვითხოვთ შეხვედრას. ველოდებით პასუხს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი მოლაპარაკება არ შედგება. ასევე ვითხოვთ შეხვედრას ირაკლი კობახიძესთანაც, მაგრამ მაქვს ვარაუდი, რომ არ შეგვხვდება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განკარგულებაში ეს ჩანაწერი შეიცვალოს. ეს არის მკვლელობა. ისინი ბუნების შვილები არიან, მათ უფლება აქვთ, რომ ჩვენს გვერდით უცხოვრონ. ძაღლები რომ გაქრნენ, ვირთხები შეჭამენ ქალაქს და რომელი ურჩევნიათ?“, - ამბობს ბაია კალანდაძე.
ცხოველების მოყვარულებმა საპროტესტო აქცია ამავე მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან 14 მარტსაც გამართეს.
აქციის ორგანიზატორები, ორგანიზაცია Zero Strays Georgia-ს წარმომადგებლები აცხადებდნენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას.
შესაბამისი განკარგულება სააგენტოს ავალდებულებდა უკვე სტერილიზებული ცხოველების გარემოში დაბრუნებას, თუმცა, ცხოველმოყვარული აქტივისტების ინფორმაციით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა.
ხოლო დაბრუნებული ცხოველების ნაწილს ჭირი და სხვა დაავადებები აღმოაჩნდათ.
ფორუმი