Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი ლეონ XIV: ღმერთი უარყოფს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს აწარმოებენ

რომის პაპი ლეონ XIV
რომის პაპი ლეონ XIV

ირანში უკვე ოთხი კვირა მიმდინარე ომის ფონზე, რომის პაპმა ლეონ XIV-მ, კვირას, 29 მარტს, როცა არაერთი ქრისტიანული ეკლესია “ბზობას” აღნიშნავს, უჩვეულოდ მკვეთრი გამონათქვამები გამოიყენა.

რომის პაპმა განაცხადა, რომ ღმერთი უარყოფს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომლებსაც, პაპის სიტყვებით, „ხელები სისხლით აქვთ სავსე“.

“ბზობის” დღესასწაულზე, რომლითაც მსოფლიოს 1.4 მილიარდი კათოლიკისთვის აღდგომის წინ წმინდა კვირა იწყება, რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე ათიათასობით ადამიანს მიმართა და კონფლიქტს „საშინელი“ უწოდა. მან თქვა, რომ იესოს გამოყენება ომების გასამართლებლად არ შეიძლება.

„ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“, - მიმართა ლეონმა, პირველმა ამერიკელმა პაპმა, შეკრებილ ხალხს.

„(იესო) არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ომს აწარმოებს, ის უარყოფს მათ და ამბობს: „და, როცა ხელს გამომიშვერთ, მე თვალს აგარიდებთ, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ, რადგან სისხლითაა დასვრილი თქვენი ხელები.“, - მოიყვანა მან სიტყვები სახარებიდან.

ლეონმა კონკრეტულად არ დაასახელა მსოფლიო ლიდერები, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მან გააძლიერა ირანში ომის კრიტიკა.
კვირას გამართული ზეიმის დასასრულს მიმართვისას პაპმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანები „საშინელი” კონფლიქტის წინაშე არიან” და შესაძლოა, აღდგომა ვერ იზეიმონ.

პაპმა, რომელიც ცნობილია სიტყვების ფრთხილად შერჩევით, არაერთხელ მოუწოდა კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ და ორშაბათს განაცხადა, რომ სამხედრო საჰაერო დარტყმების მოქმედება განურჩეველი ხასიათისაა და ისინი უნდა აიკრძალოს.
აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ქრისტიანული ტერმინები გამოიყენა ირანზე 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი დარტყმების გასამართლებლად, რასაც მოჰყვა გაფართოებული ომი რეგიონში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, რომელმაც პენტაგონში ქრისტიანული ლოცვის მსახურების ჩატარება დაიწყო, ოთხშაბათს გამართულ წირვაზე ილოცა „ყოვლისმომცველი ძალადობრივი ქმედებებისთვის მათ წინააღმდეგ, რომლებიც არ იმსახურებენ შეწყალებას“.
კვირას წარმოთქმულ ქადაგებაში პაპმა მოიხსენია ნაწყვეტი სახარებიდან, სადაც იესო, რომელსაც დაპატიმრებას უპირებდნენ მის ჯვარცმამდე, გაკიცხა თავისი ერთ-ერთი მიმდევარი იმისთვის, რომ მან მახვილი დაარტყა მის (იესოს) დამკავებელს.

„(იესო) არ შეიარაღებულა, არც თავი დაუცავს და არც არანაირ ომში უბრძოლია“, - განაცხადა კათოლიკეთა მამამთავარმა. „მან გამოავლინა ღვთის სათნო სახე, რომელიც ყოველთვის უარყოფს ძალადობას. საკუთარი თავის გადარჩენის ნაცვლად, მან ნება დართო, ჯვარზე გაეკრათ,“ თქვა რომში, ვატიკანში გამართულ თავყრილობაზე რომის პაპმა ლეონ XIV-მ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG