Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში დაიღუპა გაეროს ერთი მშვიდობისმყოფელი და ერთი დაიჭრა

ლიბანში ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ბომბავენ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად. თავის მხრივ, ჰეზბოლა ისრაელის ტერიტორიას უტევს
ლიბანში ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ბომბავენ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად. თავის მხრივ, ჰეზბოლა ისრაელის ტერიტორიას უტევს

ლიბანის სამხრეთში, გაეროს სამშვიდობო მისიის პოზიციებზე ჭურვის აფეთქების შედეგად მისიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 30 მარტს გამოქვეყნდა ლიბანში გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) ვებსაიტსა და ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში.

  • ლიბანში მოქმედი რადიკალური ორგანიზაციის, ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ბომბავენ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად. თავის მხრივ, ჰეზბოლა ისრაელის ტერიტორიას უტევს.

UNIFIL-ი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, ვისი ჭურვი აფეთქდა გაეროს მისიის პოზიციებზე.

UNIFIL-ის განცხადებით, გასულ ღამით მომხდარი ინციდენტის გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

გაეროს მისია ყველა მხარეს მოუწოდებს, შეასრულონ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, მუდმივად უზრუნველყონ გაეროს პერსონალისა და ქონების დაცვა და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მშვიდობისმყოფელებს.

UNIFIL-ის თანახმად, სამშვიდობო ძალებზე მიზანმიმართული თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა და ომის დანაშაულს უტოლდება.

  • ლიბანის სამხრეთში, ისრაელის საზღვართან გაეროს დროებითი ძალები(UNIFIL) უსაფრთხოების საბჭოს მიერ 1978 წლის მარტში მიღებული რეზოლუციის საფუძველზე იმყოფებიან.

პირველ ეტაპზე მისიის ძირითადი ფუნქცია იყო ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჯარების გასვლის მონიტორინგი მას შემდეგ, რაც ისრაელის ტერიტორიაზე დაჯგუფება „ფათჰის“ თავდასხმას და დიდ მსხვერპლს მოჰყვა ლიბანის სამხრეთში ისრაელის ოპერაცია. ისრაელს მიზნად გამოცხადებული ჰქონდა ჩრდილოეთ რაიონების დაცვა ლიბანში მოქმედი პალესტინური და სხვა რადიკალური დაჯგუფებებისგან.

გაეროს მისიის მანდატი ითვალისწინებს ლიბანის სამხრეთში მშვიდობის აღდგენასა და ქვეყნის ამ ნაწილზე ლიბანის მთავრობის კონტროლის უზრუნველყოფასაც.

2026 წელს, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების შემდეგ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ UNIFIL-ის მანდატი გააფართოვა. შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, ისრაელთან მოსაზღვრე ზონაში გაეროს სამშვიდობო ძალებთან ერთად უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ ლიბანის არმია. მიუხედავად ამისა, ჰეზბოლა ამ ტერიტორიაზე რჩებოდა, რის გამოც ისრაელი გაეროს მისიას მანდატის დარღვევაში ადანაშაულებდა.

  • გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ 2025 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით, UNIFIL-ი, რომლის შემადგენლობაში 10 000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირია, ლიბანის სამხრეთში მისიას 2026 წლის ბოლოს დაასრულებს.






ფორუმი

XS
SM
MD
LG