დუბაის ხელისუფალთა მიერ 31 მარტს გამთენიისას გავრცელებული ცნობებით, ტანკერზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა და ეკიპაჟის 24-ვე წევრი უსაფრთხოდაა.
ტანკერ Al Salmi-ს 320 000 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია.
ქუვეითის სახელმწიფო სააგენტო KUNA-ს ცნობით, ტანკერზე შეტევა ირანის მიერ იყო ორგანიზებული. სააგენტოს თანახმად, გემის კორპუსის დაზიანებამ ნავთობის დაღვრის საფრთხე შექმნა.
- ირანის შეიარაღებული ძალები სპარსეთის ყურის ქვეყნების ობიექტებს, მათ შორის პორტებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებს უტევენ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის საშუალებების საკუთარი მარაგი თითქმის სრულად ამოეწურათ. 28 თებერვლიდან ირანმა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა დაახლოებით 1200 ბალისტიკური რაკეტა და 4000 დრონი. საომარი მოქმედებების დაწყებამდე სპარსეთის ყურის ქვეყნებს ჰქონდათ საჰაერო თავდაცვის სულ მცირე 2800 ერთეული საშუალება, მათ შორის რაკეტები Patriot-ი.
Bloomberg-ის ინფორმაცია ეფუძნება აშშ-ის მიერ იარაღის გასაყიდად გაცემულ ნებართვებს, სამხედრო საკითხების სამი ექსპერტის შეფასებას და ინფორმირებული ოფიციალური პირისგან მიღებულ ცნობას. ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის, სტიმსონის ცენტრის მკვლევარ კელი გრიკოს თანახმად, რომ არა აშშ-ის აქტიური მხარდაჭერა, სპარსეთის ყურის ქვეყნების უმრავლესობას ირანული რაკეტებისგან თავის დაცვის საშუალება არ ექნებოდა.
ფორუმი