Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 2-3 კვირაში დასრულდება

31 მარტს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ირანში სამხედრო ოპერაციის დასრულების ვადად დაასახელა „ორი კვირა, შესაძლოა, სამი“.
31 მარტს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ირანში სამხედრო ოპერაციის დასრულების ვადად დაასახელა „ორი კვირა, შესაძლოა, სამი“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ძალიან მალე“ დასრულდება.

31 მარტს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ვადად დაასახელა „ორი კვირა, შესაძლოა, სამი“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო ოპერაციის დაწყებას ჰქონდა ერთი მიზანი - ირანს არ ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს მიზანი მიღწეულია. მისივე განცხადებით, ირანში რეჟიმის შეცვლაც მოხდა. ტრამპი საბრძოლო მოქმედებების დასრულებას არ უკავშირებს ირანთან შეთანხმების მიღწევას.

თეთრი სახლის ცნობით, 1 აპრილს დაგეგმილია ამერიკელებისადმი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც ირანს ეხება.

ბოლო დღეებში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და თეირანი აშშ-ის პირობებიდან უმრავლესობას დასთანხმდა. ირანის ხელისუფლება ამას უარყოფს. აშშ-სა და ირანს კონტაქტი პაკისტანის შუამავლობით აქვთ.

  • გასულ კვირაში მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს პაკისტანის შუამავლობით გადასცა 15 პირობა, მათ შორის ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა. მათ შორის აგრესიის სრულად შეწყვეტა, ომის განუახლებლობის გარანტიები და ზარალის კომპენსაცია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 31 მარტს არაბულ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ შეტყობინებებს იღებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისგან, მაგრამ ეს მოლაპარაკებას არ ნიშნავს.

არაყჩის თანახმად, ირანი მზად არის თავი დაიცვას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომის დასასრულებლად თეირანის პირობაა მშვიდობის დამყარება მთელ რეგიონში.

ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, თეირანს აქვს კონფლიქტის დასრულებისთვის საჭირო ნება, თუ დაცული იქნება კონკრეტული პირობები, განსაკუთრებით აგრესიის განმეორების აღკვეთასთან დაკავშირებული გარანტიები. ირანის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ფეზეშქიანმა თეირანის ეს პოზიცია 31 მარტს სატელეფონო საუბრისას გააცნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ცნობით, 1 აპრილს, ვაშინგტონის დროით საღამოს ცხრა საათზე იქნება ამერიკელებისადმი პრეზიდენტ ტრამპის მიმართვა ირანის შესახებ „მნიშვნელოვანი განახლებული“ ინფორმაციით.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG