სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.
მისი თქმით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ, - მაშინ, როცა სინოდი სამი კანდიდატის საკითხს განიხილავს.
"ეს საკითხი დაისვა და რადგანაც ძალიან ბევრი სხვა საკითხი იყო, გადაწყდა, რომ შემდეგ სხდომაზე განვიხილოთ".
პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა.
რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხს, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა:
"განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნა".
დებულების თანახმად, პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება.
დეკანოზმა ჯაღმაიძემ თავდაპირველად თქვა, რომ 3 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ მომდევნო სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამ კანდიდატს გამოარჩევენ, 24 აპრილს გაიმართებოდა. თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ საბოლოოდ ამ თარიღზე არ შეჯერებულან.
რაც შეეხება გაფართოებულ სხდომას, რომელზეც 1995 წლის დებულების თანახმად, პატრიარქი უნდა აირჩიონ, სინოდის გადაწყვეტილებით, ის სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. თარიღი არ არის დაზუსტებული:
"სინოდის სხდომაზე შემდეგი სინოდისთვის და გაფართოებული კრების გასამართავად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები, მათ შორის, სამი კომისია ჩამოყალიბდა: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში", - უთხრა ჟურნალისტებს ანდრია ჯაღმაიძემ.
პატრიარქობის კანდიდატის კრიტერიუმები
პატრიარქის არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლებითაც ახალი პატრიარქი ირჩევა.
პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა - ამ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.
პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება. ასეთია 30 წევრი - მათ რუსეთსა და საქართველოში სასულიერო სემინარიებსა და აკადემიაში აქვთ განათლება მიღებული. მოქმედი ეპისკოპოსებიდან მხოლოდ სამს - მელქისედეკ ხაჩიძეს, საბა ინწკირველსა და ზენონ იარაჯულს - აქვს ევროპაში განათლება მიღებული. მათ აქვთ საბერძნეთში, სერბეთსა და იტალიაში სწავლის გამოცდილება.
გამორჩეული მღვდელმსახურების გამოსაკვეთად შეიძლება გამოდგეს მათთვის პატრიარქის მინიჭებული უმაღლესი ჯილდო, სკუფიაზე [მღვდელმსახურის თავსაბურავი] ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგების განმარტებით, ეს ჯილდო არც დამატებით უფლებამოსილებას და არც დამატებით მოვალეობებს არ ანიჭებს მღვდელმთავარს, ის, ვისაც პატრიარქისგან ეს ჯილდო აქვს მიღებული, მაინც მიიჩნევა სხვა მღვდელმთავრებზე უპირატესად. მოქმედი ეპისკოპოსებიდან ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოებულია სულ ოთხი:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი;
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი;
ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია;
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.
ამ ოთხიდან წინა ორ კრიტერიუმს სრულად მხოლოდ შიო აკმაყოფილებს, - მეუფე ისაიას არ აქვს სასულიერო განათლება, აბრაამი 78 წლისაა, დანიელი - 70-ის.
როგორ აირჩევა ახალი პატრიარქი?
გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
- გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა;
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს;
- ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ;
- ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, ის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში, 22 მარტს დაკრძალეს.
ფორუმი