Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუღლის ცნობით, ბაქოში დააკავეს საქართველოდან გაძევებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

აფგან სადიგოვის მეუღლის ცნობით, ჟურნალისტი დღეს პოლიციელებმა დააკავეს.
აფგან სადიგოვის მეუღლის ცნობით, ჟურნალისტი დღეს პოლიციელებმა დააკავეს.

საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა, - აცხადებს ჟურნალისტის მეუღლე, სევინჯ სადიგოვა.

როგორც სადიგოვა 6 აპრილს გავრცელებულ პოსტში წერს, მან ჯერ ზუსტად არ იცის, თუ სად წაიყვანეს მისი მეუღლე.

მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაზუსტებით იცის, რომ მისი მეუღლე დაკავებულია.

„ორმა პოლიციელმა დააკავა. არ უთქვამთ რისთვის დააკავეს, უბრალოდ უთხრეს, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეო“.

„ახლა პოლიციის განყოფილებაშია, თუმცა რომელ განყოფილებაში, არ ვიცი. დაზუსტებით ვიცი, რომ ნამდვილად პოლიციელებმა დააკავეს და პოლიციის ფორმაში იყვნენ“, - გვითხრა მან 13:40 საათზე.

თავად სევინჯ სადიგოვა ორ მოზარდ შვილთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება.

მისი თქმით, დაუკავშირდა ადვოკატს აზერბაიჯანში და საქმის კურსში ჩააყენა, ამჟამად კი ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ქმრის საქმის გარემოებებზე.

სადიგოვას თქმით, სიახლეებს პერიოდულად გააგებინებს საზოგადოებას.

სადიგოვის გაძევება

წინა დღეს, 2026 წლის 5 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.

  • ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს დააკავა პოლიციამ - შსს-ის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო;
  • ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
  • სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა;
  • გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა.

სადიგოვის გაძევების მომდევნო დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად.

შეფასებები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

„სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და გამოიყენა გაძევება ექსტრადიციის აკრძალვის ფორმალური გვერდის ავლისთვის“, - აცხადებს საია.

საიას შეფასებითვე, აფგან სადიგოვის საქმეში სამართალდამცავი უწყებისა და სასამართლოს მოქმედებათა თანხვედრა „მართლმსაჯულების სისტემას წარმოაჩენს როგორც რეპრესიულ სადამსჯელო მექანიზმს“.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ სადიგოვის გაძევებას ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილიც და ოპოზიციური პარტიებიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, დააკვირდნენ სადიგოვის გაძევების საქმეს.

  • აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
  • სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს.
  • წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.

--------

განახლება: 6 აპრილი, 16:00 საათი - სევინჯ სადიგოვამ მოგვიანებით თქვა, რომ მისი მეუღლე აფგან სადიგოვი პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს

ფორუმი

XS
SM
MD
LG