შესაძლო ვიზიტზე თავდაპირველად გასული კვირის ბოლოს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
ამ და მას შემდეგ გაკეთებული კომენტარების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის რადიო თავისუფლება აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა.
„ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ არ გვაქვს გამოსაცხადებელი“, - ნათქვამია საელჩოს წერილობით პასუხში.
We have no visit to announce at this time - მოგვწერეს ელექტრონულ ფოსტაზე ინგლისურ ენაზე.
შესაძლო ვიზიტი აშშ-დან
აშშ-დან საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, გასული კვირის ბოლოს, 4 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
ის საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ შესახებ საუბრობდა.
ამ კონტექსტში მოიყვანა შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის მაგალითები და სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს შორის.
აშშ-ს 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.
„ამერიკის მხარის პოზიცია არის, რომ როგორც აქამდე რამდენიმე ვიზიტი განხორციელდა, აპრილში აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოში მიმდინარე პროცესები და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, სადაც გამოიკვეთება რაღაც საერთო ინტერესი“, - თქვა ლევან მახაშვილმა 4 აპრილს ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ვიზიტს გულისხმობდა ან ვინ იქნებოდნენ დელეგაციის შემადგენლობაში.
მედიასთან საუბარში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ კომენტარი მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათ შორის თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა დღეს, 7 აპრილს, თქვა, რომ მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით „ოპტიმისტური მოლოდინი აქვს“.
„რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, შორის, გაჟღერებული „მესიჯები“ და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - თქვა კალაძემ.
„აპრილი იქნება თუ მაისი, ამერიკელები როდის და რა შემადგენლობით ჩამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია“
7 აპრილსვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში კვლავ ლევან მახაშვილმა თქვა, რომ „ამერიკელების გადასაწყვეტია, საქართველოში როგორ, რა ფორმით, რა შემადგენლობით ჩამოვლენ“.
მისი სიტყვებით, „მთავარია ის, რომ ეს დინამიკა დადებითია“.
„აპრილი იქნება თუ მაისი, ამერიკელები როდის და რა შემადგენლობით ჩამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, სტუმრები ნებისმიერ ფორმატში მივიღოთ და ერთობლივად, ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ. ახლა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ახალი დღის წესრიგით ვცდილობთ, ოღონდ, მათ შორის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“, - თქვა მახაშვილმა.
მან იქვე დააკონკრეტა, რომ „მიზანი არ არის ყველაფრის ფასად ურთიერთობების გადატვირთვა“ და მმართველი გუნდის „წითელი ხაზები“ ჩამოთვალა.
„მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება საქართველოსი. ამ მიზნების გარშემო მზად ვართ ამერიკელებთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ არანაირი ფარული დღის წესრიგი არ გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამერიკელებთანაც საერთო დღის წესრიგის პოვნას საქართველოს ინტერესების გარშემო შევძლებთ“, - განაცხადა მახაშვილმა.
ვიზიტები და სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი
2026 წლის 30 მარტს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
„მათ იმსჯელეს ორმხრივი ინტერესის სფეროებზე, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ჩათვლით“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოკლე ცნობაში.
ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მას ჰქონდა ნაყოფიერი საუბარი.
„ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ერთგულნი ვართ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
- უფრო ადრე, 26 მარტს, საქართველოში ვიზიტად მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, პიტერ ანდრეოლი, შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
- საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთანაც, გამართული შეხვედრის შესახებ დაწერა:
„მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და რეგიონში მიმდინარე პროცესები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს“, - განაცხადეს სამინისტროში.
- მარტში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია იმყოფებოდა ვაშინგტონში, დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით. ის აშშ-ში „სუვერენულ ერთა ალიანსის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე - მემარჯვენე ძალების - შეკრებაზე იყო მიწვეული. კონფერენციამდე მათ შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.
- იანვრის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, 29 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდებსაც.
დელეგაციის მიზანი რეგიონში, მათ შორის საქართველოში, არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.
- თებერვალში აშშ-ში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. ის აშშ-ში საქართველოს ელჩთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად 4 თებერვალს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს:
- დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასს;
- სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის;
- აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის მოადგილეებს;
- სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანს.
საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა.
ვაშინგტონს სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთი წარმომადგენლის მიმართ.
26 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება.
„ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ...
ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან... იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმი