თბილისში კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს თანახმად, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას.
არსებული ინფორმაციით, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მათი მიზანი რეგიონში, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა.
როგორც სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა დღეს, 28 იანვარს, ვიზიტთან დაკავშირებით მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად, დელეგაციის წევრებს შეხვედრები ექნებათ პარლამენტშიც, "მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით".
"ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, რაც აინტერესებთ, ვინაიდან მრჩევლები არიან და შესაბამისად ამბავს ჩაიტანენ კონგრესმენებთან, რომელთა მრჩევლებიც არიან, მათთვის საინტერესოა მოისმინონ პირველწყაროდან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში", - თქვა პაპუაშვილმა.
დელეგაცია, რომელსაც ლენს კოკონოსი ხელმძღვანელობს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში 26 იანვარს უკვე შეხვდა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, სარგის ხანდანიანს.
სომხეთის პარლამენტის ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს პროექტის - „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს აზერბაიჯანსა და სომხეთთან.
ფორუმი